მიხეილ დუნდუა - რცხვენოდეს „თი-ბი-სის“ და „საქართველოს ბანკს“ გუშინდელი საქციელის გამო

რცხვენოდეს „თი-ბი-სი“ ბანკს და რცხვენოდეს „საქართველოს ბანკს“ გუშინდელი საქციელის გამო, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა მიხეილ დუნდუამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ რაც გაკეთდა, ეს იყო საქართველოს საბანკო სექტორის სირცხვილი.

„გუშინ რაც მოხდა, ეს იყო საქართველოს საბანკო სექტორის სირცხვილი. ის, რაც გუშინ უმსხვილესმა მოთამაშეებმა გააკეთეს, ამის გამო უმკაცრესად უნდა მოეთხოვოთ მათ პასუხი. ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება და ამის გამო ისინი უნდა დაისაჯონ. ეს რაც გაკეთდა, იყო მოქმედება ხალხის წინააღმდეგ. ეს უკვე სცილდება ეროვნული ბანკის ფარგლებს, ამით სამართალდამცველები უნდა დაინტერესდნენ“, - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

მისივე თქმით, ის ელოდება სახელმწიფოს რეაგირებას, თუ როგორ მოეთხოვებათ ამ საქციელის გამო პასუხი.

მისი თქმით, არ არის ნორმალური, როდესაც კურსი ერთ დღეში ჯერ 2.70-ს გადასცდება, ხოლო შემდეგ 2.60-ზე ქვემოთ ჩამოდის.

„პასუხი უნდა აგოს ყველამ გუშინდელი საქციელისთვის. გუშინ რასაც ვუყურე, ეს არ იყო ნორმალური პროცესი. რატომ მოხდა ეს? იმიტომ რომ იმ ბანკებმა, რომლებიც ფულს აწვდიან სავალუტო ჯიხურებს და მიბმულები არიან, გაითამაშეს. მერე მიხვდნენ, რაც მოხდა. 2.70-ს გადაშორდა და მერე 2.60-ს ქვემოთ ჩამოვიდა. მარტივად გამოჩნდა სიტუაცია. ის, რომ 2.70-ზე შენარჩუნებულიყო, შეიძლება ასე თამამად განცხადებები არ გაგვეკეთებინა, მაგრამ არ შეიძლება კურსი 2.70-ს გადაშორდეს და იმავე დღეს 2.58 გახდეს, იგივე სავალუტო ჯიხურებში“, - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.