პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ეროვნული ბანკი და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტს იწყებენ

სამეწარმეო განათლების გავრცელებისა და ფინანსური განათლების სარგებლიანობის შესახებ მოზარდებში ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ეროვნული ბანკი და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტს იწყებენ.

პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა მოაწერეს ხელი.

პროექტი თბილისსა და რეგიონებში ფინანსური და სამეწარმეო განათლების გავრცელებას და უფროსკლასელებში ფინანსური განათლების სარგებლიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

„ეს მემორანდუმი არის ნაწილი და განხორციელება იმ სტრატეგიის, რომელიც ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების ამაღლებასთან დაკავშირებით შეიმუშავა. წლის ბოლომდე იმოქმედებს ეს მემორანდუმი, რომელიც გავაფორმეთ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ გაგრძელდება. მემორანდუმის თანახმად, სხვადასხვა რაიონიდან ჩამოვლენ ახალგაზრდები, მათ ჩაუტარდებათ ლექციები და სხვადასხვა საგანმანათლებლო კურსები ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით. ანუ მათ უნდა მიიღონ ის აუცილებელი ინფორმაცია, რომელიც მომავალში დაეხმარებათ, რომ განათლებულ ფინანსურ მომხმარებლებად ჩამოყალიბდნენ, რადგანაც ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებელთა უფლებების დაცვისთვის ფინანსური განათლების ამაღლება. ვფიქრობ, რომ ასეთი ნაბიჯები და სხვა ღონისძიებები დაგვეხმარება იმაში, რომ ქვეყანაში ავწიოთ ფინანსური განათლების. ეს კარგი იქნება ქვეყნის ფინანსური სისტემისთვის და საბოლოოდ, ეს კარგი იქნება ქვეყნის ეკონომიკისათვის“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის ,,მიიღე მეტი ცოდნა ფინანსების მართვის შესახებ“ ფარგლებში თბილისისა და რეგიონების სკოლების 1000 მოსწავლე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მოისმენს ლექციას, თემაზე ,,ფული, ფინანსები და მათი გავლენა ეკონომიკაზე.

„დღეს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა გააფორმა მემორანდუმი ეროვნულ ბანკთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, რომელიც მოიცავს მომავალი თაობისთვის სწორი ფინანსური განათლების, ცოდნის ამაღლებას, რომელიც დაეხმარება მომავალ თაობას, რომ მიიღონ სწორი ფინანსური გადაწყვეტილებები და ზოგადად, ასეთი ცოდნის ამაღლება ეხმარება ჩვენი ეკონომიკის განვითარებას და მის მომავალ წინსვლას“, - განაცხადა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა.