ყვირილა, მაშავერა და კაზრეთულა ეკოლოგიურად დაბინძურებული მდინარეებია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ოქტომბრის თვის ანგარიშის - ”მოკლე მიმოხილვა საქართველოს გარემოს დაბინძურების შესახებ” თანახმად, საქართველოში ეკოლოგიურად დაბინძურებული მდინარეებია: ყვირილა, მაშავერა და კაზრეთულა. როგორც თამარ ბაგრატიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მდინარე ყვირილაზე მანგანუმის კონცენტრაცია ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას ჭიათურის ზემოთ 4-ჯერ, ჭიათურის ქვემოთ 2,1-ჯერ, ზესტაფონის ზემოთ 2-ჯერ და ჭიათურის ავტომატურ სადგურზე 1,8-ჯერ აღემატებოდა.

მისივე თქმით, აღმოსავლეთ საქართველოში პრობლემური მდინარეებია, სადაც მაღალი კონცენტრაციაა, მაშავერა და კაზრეთულა.

„რკინის შემცველობა მდინარე კაზრეთულაში 1,5-ჯერ აღემატებოდა ნორმას. იყო შემთხვევა როდესაც 6-ჯერ აღემატებოდა ნორმას მდინარე მაშავერას ქვედა კვეთაზე. კადნიუმი მდინარე კაზრეთულაში 6,2-ჯერ აღემატებოდა ნორმას“, - განაცხადა თამარ ბაგრატიამ.

მისივე თქმით, 20 ოქტომბრის მონაცემებით, მანგანუმის კონცენტრაცია მდინარე კაზრეთულაში 9,3-ჯერ აღემატებოდა ნორმას, ხოლო მდინარე მაშავერაში 1,6-ჯერ აღემატებოდა ნორმას.