"ლირა რომ გაუფასურდეს და ლარი - არა, საქმე ცუდად იქნება"

თურქული ლირის დოლართან მიმართებაში მკვეთრი გაუფასურების ფონზე, ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა მოსახლეობას დოლარის ლირაში გადახურდავებისკენ მოუწოდა.

ამ განცხადების ფონზე დღეს თურქულმა ლირამ დოლართან მიმართებაში გაუფასურების ახალი "რეკორდი" დაამყარა და ერთი დოლარის ღირებულებამ 3,53 ლირა შეადგინა.

გუშინ თურქულმა ლირამ დოლართან მიმართებაში ისტორიული მინიმუმი დააფიქსირა და 1 დოლარის ღირებულებამ 3,50 ლირა შეადგინა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლირა დოლართან მიმართებაში 11,6%-ით დაეცა, ხოლო წლის დასაწყისიდან გაუფასურების მაჩვენებელმა 18,4% შეადგინა.

პროფესორ ვლადიმერ პაპავას განცხადებით, თურქეთი მწარმოებელი ერია და თანაც ჩვენ თურქეთთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი გვაქვს. ამიტომ ლირა რომ გაუფასურდეს და ლარი - არა, საქმე ცუდად იქნება.

„ნახეთ რა ხდება ჩვენს მეზობელ თურქეთში. იქ დიქტატურისკენ მიდის საქმე, მასწავლებლები, პროფესორები და ჟურნალისტები დაიჭირეს. ამან სავალუტო ბაზარზე რეაგირება უკვე მოახდინა. ლირამ გაუფასურება დაიწყო. ეროვნული ვალუტის გაუფასურება ექსპორტს უწყობს ხელს. ჩვენთან ასე არ არის, რადგან ჩვენ მწარმოებელი ქვეყანა არ ვართ. თურქეთი მწარმოებელი ერია და თანაც ჩვენ თურქეთთან თავისუაფალი სავაჭრო რეჟიმი გვაქვს. ლირა რომ გაუფასურდეს და ლარი - არა, საქმე ცუდად იქნება. თურქეთიდან დიდი რაოდენობით იაფი პროდუქტი შემოვა. სწორია რომ ლარი უფასურდება, მაგრამ ეს თანდათან უნდა მოხდეს და არა ნახტომისებურად, რომ მერე მთავრობა ან ეროვნული ბანკი ვაკრიტიკოთ იმის გამო, თუ რა ცუდად არის სიტუაცია. უნდა მოხდეს პროგნოზირებადი, თანამიმდევრული ნაბიჯების გადადგმა და საზოგადოებას ეს უნდა აუხსნან. დღეს დოლარის უკან აშშ-ის ხელისუფლების მიმართ ნდობა დგას. ჩვენც გვინდა, რომ ლარიზაცია გაიზარდოს, მაგრამ არა მექანიკურად”, - განაცხადა პროფესორმა ვლადიმერ პაპავამ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი”.

წლის დასაწყისიდან დღემდე ლარმა 7,9%-იანი გაუფასურება დააფიქსირდა. ერთთვიან პერიოდში კი ლარის გაუფასურება 7,4%-ს შეადგენს.

დოლართან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობენ ჩვენი მეზობელი ქვეყნების ვალუტებიც.  აზერბაიჯანულ მანათთან დოლარი 0,12%-ით გამყარდა და 1 დოლარის ღირებულებამ 1.73 მანათი შეადგინა.  0,4%-ით გაუფასურდა რუსული რუბლიც - 1 დოლარის ფასმა 64,17 დოლარი შეადგინა. 8 კაპიკით გაუფასურდა დოლართან მიმართებაში გრივნას კურსი - 1 დოლარის ღირებულებამ 25,64 გრივნა შეადგინა. უკრაინის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან მოყოლებული გრივნა დოლართან მიმართებაში 6,9%-ით გაუფასურდა.

bpn

bpn