მოხეს სადავო შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭება

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ”ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე კლუბის სტატუსით რიცხულ შენობასთან დაკავშირებით არსებული გარემოებების შემსწავლელი კომისიის“ (მოხეს კომისია) მორიგი სხდომა გაიმართა.როგორც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან იუწყებიან, კომისიის გადაწყვეტილების თანახმად:

მუსლიმი თემისთვის შეთავაზებული იქნება რამდენიმე ადგილი სოფელ მოხეს ცენტრში ახალი მეჩეთის მშენებლობისათვის, რითაც მოიხსნება ლოცვის პრობლემა, ვინაიდან, მუსლიმმა თემმა უარი განაცხადა ძველი სალოცავი სახლის გამოსყიდვაზე სახელმწიფოს მხრიდან და შემდგომ მუსლიმთა სამმართველოსთვის გადაცემაზე; ასევე, ახალი მეჩეთისათვის ადგილის შერჩევისა და მუსლიმთა სამმართველოსათვის ადგილის გადაცემის შემდეგ, ე.წ. მოხეს შენობას მიენიჭება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, სავარაუდო სახელწოდებით „სადავო საკულტო ნაგებობა“.

შესაბამისი პროცედურების დაცვით, შენობა ამოირიცხება მუნიციპალიტეტის ბალანსიდან და გადავა კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ბალანსზე. ძეგლთა დაცვის სააგენტო მოამზადებს და კომისიას წარუდგენს ძეგლის სტატუსმინიჭებული სადავო საკულტო ნაგებობის სამომავლო მოვლა–შენახვის პროექტს და შემდგომ კომისიას გააცნობს მას.

კომისიის მორიგი სხდომა 30 იანვარს თბილისში, მთავრობის ადმინისტრაცის შენობაში გაიმართება.