2017 წლის ბიუჯეტის პროექტს პარლამენტი კანონით დადგენილისგან განსხვავებულ ვადებსა და ფორმატში განიხილავს

პარლამენტს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვის გაგრძელება “საბიუჯეტო კოდექსით“ და რეგლამენტით დადგენილი წესებისთვის გვერდის ავლით მოუწევს. სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი მთავრობიდან პარლამენტში 30 ნოემბერს შევიდა. 30 ნოემბერი ის თარიღია, როცა მთავარი ფინანსური დოკუმენტი პარლამენტს განხილვის მესამე ეტაპზე - საბოლოო ვარიანტის სახით წარედგინება. ბიუჯეტის პროექტის განხილვის მეორე ეტაპი კი, რომელიც პლენარული სხდომის ფორმატში 15 ნოემბრამდე უნდა გამართულიყო, პარლამენტში საერთოდ არ შემდგარა.

ამასთან, იმის მიუხედავად, რომ კანონის თანახმად, მთავრობის მიერ 30 ნოემბერს წარდგენილი ბიუჯეტის საბოლოო პროექტი დასამტკიცებლად პირდაპირ სესიაზე უნდა გავიდეს, არ არის გამორიცხული, პლენარულ სხდომაზე მის გატანამდე, დეპუტატებმა კომიტეტის ან სხვა ფორმატში იმსჯელონ.

როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, საბიუჯეტო პროექტის სესიაზე განხილვამდე, შესაძლოა განხილვის პროცესი სხვა ფორმატშიც წარიმართოს.

“5-15 ნოემბრის პერიოდში, როცა ჩვენ სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი უნდა განგვეხილა, ჩვენგან დამოუკიდებლი მიზეზების გამო, პარლამენტი ფიზიკურად არ არსებობდა. იმის გამო, რომ ბიუჯეტის პროექტი ე.წ. მეორე მოსმენით არ განგვიხილავს, შეიძლება დამატებითი ღონისძიება ჩატარდეს - პირობითად, ეს შეიძლება იყოს კომიტეტში განხილვა, შეიძლება იყოს უმრავლესობა-უმცირესობის ფორმატში განხილვა, შეიძლება განვიხილოთ, შემდეგ შესვენება გამოვაცხადოთ და შემდეგ ისევ გავაგრძლოთ განხილვა. კანონში ეს გაწერილი არ არის, მაგრამ თუ მოლაპარაკება შედგება და გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ასე განვიხილავთ - თუ არა, როგორც კანონშია გაწერილი, ისე წავალთ. ვფიქრობ, ამ მხრივ მოქმედი კანონმდებლობა შესაცვლელია, რადგან ოთხ წელიწადში ერთხელ ბიუჯეტის პროექტის განხილვას პრობლემა შეექმნება. 1-ელ ოქტომბერს შემოტანილი ბიუჯეტის პროექტი სულ სხვა ხალხმა განიხილა. მაგალითად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში წინა მოწვევის პარლამენტიდან მხოლოდ ერთი დეპუტატია დარჩენილი, ყველა სხვა - ახალია. დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტშიც თითქმის ყველა შეიცვალა. ვფიქრობ, ის, თუ როგორი უნდა იყოს ბიუჯეტი, ახალი მოწვევის პარლმენტის წევრების განსასაზღვრია. ოთხ წელიწადში ერთხელ ასეთი პრობლემა ნამდვილად შეიქმნება და ამიტომ, კანონი არის შესაცვლელი”, - აცხადებს პაატა კვიჟინაძე.