ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში სასწავლო კურსის „მაკროეკონომიკური დიაგნოსტიკა“ დახურვის ცერემონია გაიმართა

ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) სასწავლო კურსის „მაკროეკონომიკური დიაგნოსტიკა“ დახურვის ცერემონია გაიმართა.როგორც  ფინანსთა სამინისტროდან იუწყებიან, ღონისძიებას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეჰშო და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორი თამარ ჯაფარიძე დაესწრნენ. პროგრამა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეგიდით ჩატარდა და მასში ქართველ კოლეგებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების წარმომადგენლებმა. კურსის ფარგლებში, აზერბაიჯანის, ტაჯიკეთის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების, ეროვნული ბანკისა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომლებს საშუალება ჰქონდათ, საერთაშორისო გამოცდილებას და მონაწილე ქვეყნების მაგალითებს გაცნობოდნენ. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს სერტიფიკატი აკადემიის დირექტორის მოადგილემ გიორგი რაზმაძემ და საერთაშორისო სავალუტო ფონდის უფროსმა ეკონომისტმა ფრანჩესკო ლუნამ გადასცეს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის სასწავლო კურსის ჩატარება ხელს უწყობს საქართველოს აქტიურ ჩართულობას სავალუტო ფონდის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში და ეხმარება ქვეყანას ჩამოყალიბდეს როგორც რეგიონის საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც ხდება მაღალი დონის პროფესიული გადამზადება/კვალიფიკაციის ამაღლება და ქართული რეფორმების გაზიარება.