ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფმა ქართველ ფერმერთა მიღება გამართა

სასტუმრო „ჰუალინგ თბილისში“, ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფმა „საქართველო-ჩინეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის“ ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მიმართულებით გადამზადებულ ქართველ ფერმერთა მიღება გამართა. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური იუწყება. ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველმა სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში, ვან ლიანპომ გახსნეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებაზე ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფის წარმომადგენელმა საქართველო-ჩინეთის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მიღწეულ შედეგებსა და წარმატებაზე დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროექტის მეშვეობით სასათბურე ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის საკითხებში საქართველოსა და ჩინეთში 300-მდე ქართველი ფერმერი/დაინტერესებული პირი გადამზადდა. სასწავლო კურსები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით განხორციელდა.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამავე პროექტის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. შულავერში, ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფის მიერ კვლევითი ცენტრის კუთვნილ 5 ჰექტრამდე მიწის ფართობზე მზის და ერთსივრციანი სათბურები აშენდა (7 დიდი და 25 პატარა სათბური), რომელიც სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულებისაა. ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ბაზაზე პერიოდულად ქართველი ფერმერები ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით პრაქტიკულ სასწავლო კურსს და გადამზადებას გადიან.

„მსგავსი ტიპის პროექტები ქართველ ფერმერებსა და დარგით დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს გაიარონ თეორიული და პრაქტიკული სწავლება, გაიზიარონ ჩინეთში ამ კუთხით არსებული გამოცდილება და უკეთ გაეცნონ ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებს. აღნიშნული პროცესი ხელს უწყობს არამარტო ჩვენი ქვეყნების დაახლოებას, არამედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სასათბურე მეურნეობების განვითარებას“, - აღნიშნა სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან ოჯმაჯურიძემ.

ღონისძიების ბოლოს, რიგით მეექვსე სასწავლო სემინარი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. კურსი 10 დღიანია და მიზნად ისახავს ფერმერებისთვის ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიების გაცნობასა და სწავლებას, ინფორმაციის გადაცემას მზის სათბურების მშენებლობის სპეციფიკაზე, სტრუქტურაზე და მართვაზე.

საზეიმო ღონისძიებას სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები და ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფის ლიდერები ესწრებოდნენ.