გიორგი აბაშიშვილი - პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ დაფინანსებულმა პროექტმა სოფლებში კულტურულ-სადისკუსიო ცენტრები შექმნა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში პრეზიდენტის ინიციატივით სარეზერვო ფონდის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის , „ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას“ შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრო.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან იუწყებიან, პროექტი, რომელსაც სარეზერვო ფონდის დაფინანსებით საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია ახორციელებს, მიზნად ისახავდა საქართველოს მასშტაბით სოფლის ბიბლიოთეკების ინტერნეტითა და კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვას, ბიბლიოთეკარების გადამზადებას და ტრენინგებს, ბიბლიოთეკების შესაძლებლობების გაზრდას და მათ ბაზაზე კულტურული კერების ჩამოყალიბებას.

მათი ცნობით, პირველ ეტაპზე პროექტი მოიცავდა კახეთის რეგიონის 48 ბიბლიოთეკას, შემდგომ ეტაპზე კი, პროექტში მონაწილეობისათვის შეირჩა 70 ბიბლიოთეკა, რომელთა მეშვეობითაც მოხდა სოფლის მოსახლეობისათვის სახელმწიფო ელექტრონული სერვისების მიწოდება და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული დისტანციური სწავლების პროგრამის დანერგვა.

როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, პროექტში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, რადგან შენობების გათბობა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, საბიბლიოთეკო სამუშაოსათვის ადაპტირება და ინტერნეტმომსახურების საფასურის დაფარვა მათი ვალდებულებაა.

გიორგი აბაშიშვილმა მოწვეულ სტუმრებს, რომელთა შორის საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ბიბლიოთეკარები იყვნენ, სიტყვით მიმართა.

„პროექტი შეეხო სწორედ იმ სოფლებს, რომლებსაც ინტერნეტთან წვდომის არანაირი საშუალება არ ჰქონდათ. დასაწყისისთვის ჩვენ მოვახერხეთ, რომ ასეთი ბიბლიოთეკებისთვის გაგვეახლებინა წიგნის ფონდი, ხოლო შემდეგ განხორციელდა ბიბლიოთეკების ინტერნეტიზაცია. ამ პროექტმა სოფლებში რეალურად შექმნა გარკვეული მიზიდულობის ცენტრები, სადაც ყველა თაობის ადამიანებს აქვთ შეკრებისა და დისკუსიის ადგილი და ამავდროულად, გარდა საბიბლიოთეკო მომსახურებით სარგებლობისა, მათ აქვთ წვდომა ყველა იმ ელექტრონულ სერვისებზე, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა, რომელსაც ეროვნულმა ბიბლიოთეკამ პატივისცემის ნიშნად ბიბლიოთეკის სამკერდე ნიშანი გადასცა.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში პროექტის შემაჯამებელ შეხვედრას ესწრებოდნენ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, საბიბლიოთეკო ასოციაციის წარმომადგენლები, ბიბლიოთეკარები და პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი.