ზაქარია ქუცნაშვილი - ბანკები მზად არიან 2015 წლის შემდეგ გაცემული სესხების ლარში გადაყვანა განახორციელონ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის ინფორმაციით, ბანკები მზად არიან 2015 წლის შემდეგ გაცემული სესხების ლარში გადაყვანა განახორციელონ. ამასთან, დეპუტატის თქმით, დოლარში გაცემული კრედიტების ამ ნაწილზე ე.წ. 20-პუნქტიანი შეღავათი არ გავრცელდება.

”ბანკებთან არის მოლაპარაკება, არის ზეპირი შეთანხმება, რომ მოქალაქეთა სურვილის შემთხვევაში, 2015 წლის შემდეგ დოლარში გაცემული სესხები გადაიყვანონ ლარებში, თუმცა 2015 წლის შემდგომი პერიოდის სესხების სუბსიდირება არ მოხდება”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” ზაქარია ქუცნაშვილმა.

მთავრობამ 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი რამდენიმე ახალი ინიციატივით წარადგინა. ერთ-ერთი სიახლეა ის, რომ პროექტი ითვალისწინებს 65 მლნ ლარს ფიზიკურ პირებზე უცხოურ ვალუტაში გაცემული საბანკო სესხების ეროვნულ ვალუტაში კონვერტირების ხელშეწყობის ღონისძიებებისთვის. აღნიშნული სახსრები მოხმარდება იმ ფიზიკური პირების სესხების ლარში კონვერტირების სუბსიდირებას, რომელთაც უცხოურ ვალუტაში აიღეს სესხი 2015 წლის 1-ელ იანვრამდე, არაუმეტეს 100.0 ათასი ლარისა.