ევრო 20-თვიან მინიმუმამდე დაეცა

მატეო რანცის მიერ იტალიის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთების ფონზე, ევრო 20-თვიან მინიმუმზე დაეცა.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, დილის მონაცემებით, ევრო 1,5 პროცენტით დაეცა დოლართან მიმართებაში და ერთი ევროს ღირებულებამ 1.0506 დოლარი შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2015 წლის 16 მარტის შემდეგ.

2016 წელს ფინანსური ბაზრები მკვეთრად შეირყა ორჯერ - პირველად ივნისში, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ და გასულ თვეს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ.

4 დეკემბერს იტალიაში საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ გამართულ რეფერენდუმს მონაწილეთა 60%-მა მხარი არ დაუჭირა, მონაწილეთა 40%-მა კი რეფერენდუმის გამართვაზე თანხმობა განაცხადა. რეფერენდუმის შედეგების შემდეგ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მატეო რენციმ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.