მომავალი წლიდან მთავრობა რამდენიმე სახეობის პროდუქტზე აქციზის გაზრდას აპირებს - თამბაქოზე აქციზი 60 თეთრით მოიმატებს. მთავრობის ვარაუდით, ამით საბიუჯეტო შემოსავლები 190-200 მილიონი ლარით გაიზრდება; მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის ზრდით მთავრობა დამატებით 45 მილიონის, ხოლო ბენზინზე, დიზელსა და ავტოსატრანსპორტო ბუნებრივ აირზე აქციზის ზრდით კიდევ 250 მილიონი ლარის მობილიზებას გეგმავს.
მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის ზრდის სქემა 2017 წლის ბიუჯეტის პროექტშია მოცემული. აქციზი ყველაზე მეტად გაიზრდება შედარებით ძველ ავტომობილებზე, რომელთა ასაკია 12-14 წელი და ზემოთ, ასევე 1 წლამდე ავტომობილებზე. ჰიბრიდულ ავტომობილებზე აქციზი 60%-ით მცირდება. რაც შეეხება მარჯვენასაჭიან ავტომობილებს, აქციზის განაკვეთი თითქმის გასამმაგდება. ავტომობილი ძველი განაკვეთით დაიბეგრება, თუ მისი ტრანსპორტირება დაწყებულია არა უგვიანეს 2016 წლის 1-ლი დეკემბრისა.
გაისიდან სავალდებულო იქნება ავტომობილებზე ქონების გადასახადის გადახდაც. ეს შეეხება 40.000 ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე ოჯახებს. ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი სხვადასხვა დროს გამოშვებულ ავტომობილებზე განსხვავებული იქნება: 1 წლამდე - 500 ლარი, 1-დან 5 წლამდე - 240, 5-დან 10 წლამდე - 120, ხოლო 10 წლის ზემოთ - 60 ლარი. მთავრობის შეფასებით, ამ ცვლილებით ბიუჯეტი დამატებით 3 მილიონ ლარს მიიღებს.
რაც შეეხება საწვავს, ბენზინზე აქციზის ღირებულება 1 ტონაზე 250-დან 500 ლარამდე გაიზრდება, 1 ტონა დიზელზე - 150-დან 400 ლარამდე, 1000 კუბმ გაზზე კი 80-დან 200 ლარამდე.
ვანო მთვრალაშვილი, ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე: "ეს გადაწყვეტილება იმოქმედებს საწვავის ფასზე, რადგან აქციზის გადასახადი პირდაპირ მოქმედებს პროდუქციის თვითღირებულებაზე. საწვავის ფასი 20-25 თეთრით გაიზრდება. იმავდროულად, კომპანიებს მოუწევთ დამატებითი სახსრების მოძიება აქციზის გადასახადის ასეთი გაზრდის გამო.
ბოლო დროს საერთაშორისო ფასებში აღმასვლის ტენდენცია იკვეთება, ამას ემატება ლარის გაუფასურება. თუნდაც ამ ორი მნიშვნელოვანი კომპონენტის გამო, საწვავის ფასის მომატება ისედაც მოსალოდნელია. და ამას თუ აქციზის გადასახადიდან მომდინარე გაზრდილ ფასსაც დავუმატებთ, მთლიანობაში, მაღალი ფასის გამო მოხმარება შემცირდება, რაც უკვე კომპანიის საქმიანობაზე აისახება უარყოფითად".
ირაკლი ყიფიანი, ეკონომისტი: "მთავრობა ფიქრობს, რომ აქციზების გაზრდით დამატებით 542 მილიონი ლარი შემოუვათ. გვეუბნებიან, რომ მეტად ვერ ამცირებენ სახელმწიფო ხარჯებს. მოდი, ვაჩვენოთ ხარჯების 542 მილიონი ლარით შემცირების გზა.
მთავრობის შენახვა - საქონელი და მომსახურება - 2015 წელს დაგვიჯდა 946 მილიონი ლარი, 2017 წელს კი 1 მილიარდ 144 მილიონი ლარი დაგვიჯდება. რატომ უნდა დაგვიჯდეს 2017 წელს მთავრობის შენახვა 198 მილიონი ლარით მეტი? ეს გამოასწორონ და 198 მილიონი ლარიც დაიზოგება.
2012 წელს სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული იყო 102 976 კაცი. 2017 წლის წარმოდგენილი ბიუჯეტით დასაქმებულია 116 757 კაცი, რომელთა საშუალო წლიური ხელფასი 11.935 ლარის ტოლია. ჰოდა, რამდენითაც გაზარდეს დასაქმებულთა რაოდენობა (13 781 კაცი) სახელმწიფო სტრუქტურებში, იმდენივეთი შეამცირონ. ეს ის ხალხია, წინასაარჩევნოდ რომ ასაქმებდნენ სსიპ-ებში, სახელმწიფო შპს-ებში, სახელმწიფო საბავშვო ბაღებში და ა.შ.
ჯანდაცვის პროგრამის მიზნობრივ ჯგუფებზე ფოკუსირებითა და უმწეო პენსიონერებისთვის სადაზღვევო პოლისის ზრდის შენარჩუნებით კიდევ 90 მილიონი ლარი დაიზოგებოდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსების გაზრდა 308 მილიონის ნაცვლად 218 მილიონი ლარით შეიძლებოდა, რაც კიდევ 90 მილიონი ლარის დანაზოგია.
თუ შრომით ანაზღაურებაში დაზოგავენ 164 მილიონ ლარს (ამდენი გამოდის 13 781 კაცის ანაზღაურება 11.935-ლარიანი საშუალო ხელფასით); თუ მთავრობის შენახვაში დაზოგავენ 198 მილიონ ლარს; ჯანდაცვას გახდიან მიზნობრივს და დაზოგავენ 90 მილიონ ლარს; თუ ინფრასტრუქტურის დაფინანსებას გაზრდიან მხოლოდ 214 მილიონით და დაზოგავენ 90 მილიონ ლარს - ჯამში 542 მილიონი ლარი დაიზოგება. შესაბამისად, აღარ გაგვიძვირდება საწვავი, მანქანები, აღარ გაკოტრდებიან თამბაქოს კომპანიები".
ვასო ურუშაძე, "ეკო ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი: "არგუმენტი, რომ აქციზის გაზრდა ავტოპარკის განახლებასა და გარემოს გაჯანსაღებას ისახავს მიზნად, აბსურდულია. ავტოპარკის განახლება ამგვარი რეგულაციებით არ ხდება. თუ სურთ ისეთი სატრანსპორტო საშუალებების წახალისება, რომლებიც შედარებით ნაკლებ საწვავს მოიხმარენ და იმავდროულად, ნაკლები გამონაბოლქვი აქვთ, მაშინ, პირველ რიგში, ჰიბრიდულ ავტომობილებზე გადასახადები უნდა მოიხსნას. მანქანების დიფერენცირება უნდა მოხდეს არა ასაკის, არამედ ძრავის მიხედვით. განბაჟების გაძვირება შეამცირებს მანქანის მყიდველთა რაოდენობას და დაარტყამს ავტობიზნესს.
მთავრობის გეგმაა, საქართველოში ავტომობილები აღარ შემოვიდეს, შესაბამისად, ქვეყნიდან დოლარი არ გავიდეს. და თუ მაინც მოინდომებს ვინმე მანქანის შეძენას, იმდენი ლარის გადახდა მოუწევს ბიუჯეტში, რომ მისი შევსების პრობლემა აღარ ექნებათ".
წყარო „კვირის პალიტრა"