ომბუდსმენი სამართალდამცავებს მოუწოდებს, მაღაროში დასაქმებულის დაღუპვის ფაქტზე ეფექტური გამოძიება ჩაატარონ

სახალხო დამცველი მაღაროელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. სახალხო დამცველი აცხადებს, რომ აუცილებელია უსაფრთხოების წესების დაცვასთან დაკავშირებით სრულყოფილი რეგულაციების მიღება და მათი შესრულების მკაცრი მონიტორინგი. "ბიზნესპრესნიუსი: განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: ”სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს მაღაროელის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ აუცილებელია უსაფრთხოების წესების დაცვასთან დაკავშირებით სრულყოფილი რეგულაციების მიღება და მათი შესრულების მკაცრი მონიტორინგი, რომელიც მინიმუმამდე შეამცირებს სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობას.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, ჩაატაროს სწრაფი და ეფექტური გამოძიება ადამიანის სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევით.

სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყონებლივ დაიწყოს კონკრეტული ქმედითი ღონისძიებების გატარება შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, დასაქმებულთა ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოთი უზრუნველყოფისათვის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N81 კონვენციის (შრომის ინსპექციის შესახებ), N129 კონვენციის (სოფლის მეურნეობაში შრომის ინსპექციის შესახებ), N155 კონვენციისა (შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის შესახებ) და ევროპის სოციალური ქარტიის მე-3 მუხლის (უსაფრთხო და ჰიგიენური სამუშაო პირობებით სარგებლობის უფლება) რატიფიცირების პროცესი.

ჭიათურის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების პრობლემების სიმწვავეს”, - ნათქვამია განცხადებაში. როგორც მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარემ, თამაზ დოლაბერიძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, უბედური შემთხვევა 3 დეკემბერს, ჭიათურაში, სოფელ ითხვისში არსებულ პატარიძის სახელობის მაღაროში მოხდა. პაატა ღავთაძე მაღაროში მემანქანედ 3 წელი მუშაობდა.