დიმიტრი ქუმსიშვილი სამინისტროში დასაქმებულ შშმ პირებს შეხვდა

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი თაბუაშვილმა მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს სამინისტროში დასაქმებულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომლებიც პროფესიულ მოვალეობებს ღირსეულად ასრულებენ.

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, უკვე მრავალი წელია, უწყება ცდილობს შექმნას თანასწორი გარემო საზოგადოების თითოეული წევრისთვის, აღმოფხვრას ის სოციალური ბარიერები, რომლებიც ხელს უშლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციას.

ფინანსთა სამინისტრო შშმ პირების ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია საჯარო უწყებებს შორის - დღეისთვის სხვადასხვა პოზიციაზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 19 პირი მუშაობს.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა და მათი სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. კოლეგებო, ფინანსთა სამინისტროში თქვენი საქმიანობა იმის დასტურია, რომ შეზღუდული შესაძლებლობების ცნება პირობითია - ჩვენ ერთად ვმონაწილეობთ საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარების პროცესში. დიდ მადლობას გიხდით თქვენი დაუღალავი შრომისთვის, ნოვატორული იდეებისა და მიზანდასახულობისათვის. მეამაყება, რომ ჩვენ ერთად ვქმნით თანასწორ გარემოს საზოგადოების ყველა წევრისათვის,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა ფინანსთა სამინისტროსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ მომავალშიც მაქსიმალური ყურადღებით მოვეკიდებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების საკითხებს და მათ საშუალებას მივცემთ მაქსიმალურად გამოიყენონ საკუთარი ცოდნა და რესურსი. აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტრო ზრუნავს შშმ პირებისთვის როგორც ადაპტირებული სამუშაო სივრცის მოწყობისა და შესაფერისი გარემოს უზრუნველყოფის, ასევე ჩვენს სტრუქტურაში სხვადასხვა პოზიციებზე დასასაქმებლად, მათი შესაბამისი ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვის მიმართულებით. შემოსავლების სამსახურის ინფრასტრუქტურა სრულად არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის - საბაჟო-გამშვებ პუნქტებში, სერვისცენტრებში, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში მოწყობილია სპეციალური პანდუსები“, - განაცხადა გიორგი თაბუაშვილმა.

”ფინანსთა სამინისტრო, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფო უწყება, მომავალშიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, განსაკუთრებით, ახალგაზრდების დასაქმებას, მათ თვითრეალიზაციას და პროფესიულ ზრდას.  ფინანსთა სამინისტრო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან ერთად ქმნის თანასწორ გარემოს საზოგადოების თითოეული წევრისთვის”, -ნათქვამია ინფორმაციაში.