ეს უნდა იცოდეთ, თუ მეორადი ავტომობილის შეძენას აპირებთ

მეორადი ავტომობილის შეძენა ბევრად რთული და საპასუხისმგებლო პროცესია, ვიდრე ახლის, მაგრამ თუ ყველა პუნქტს ზედმიწევნით შეასრულებთ, მიიღებთ გამართულ მეგობარს მისაღებ ფასად.

- არჩევისას, პირველ რიგში დააკვირდით გამყიდველს, მოუსმინეთ მის მონათხრობს ავტომანქანის მოხმარების და მოვლის შესახებ, დაიმახსოვრეთ ყველაფერი და მოგვიანებით, როცა მოხდება ავტომანქანის ავტოსერვისში შემოწმება, შეადარეთ მფლობელის მონაყოლი რეალობას. თუ შეატყეთ, რომ თქვენს მოტყუებას შეეცადნენ - უმჯობესია თავი შეიკავოთ მსგავსი საეჭვო შენაძენისგან.

- დაინტერესდით, მწყობრშია თუ არა ავტომანქანის და მფლობელის საბუთები, ხომ არ ირიცხება ყადაღა, დავალიანება, ჯარიმა (ლომბარდი, ავტო სესხი და ა.შ.). მოისმინეთ ყველა ინფორმაცია გამყიდველისგან და გადაამოწმეთ.

- ამერიკიდან ჩამოყვანილი მეორადი ავტომანქანის ისტორიის შემოწმება იოლად შეგიძლიათ სპეციალურ საიტებზე. მცირე საფასურის სანაცვლოდ შეიტყობთ, თუ რა გადახდა თქვენს მომავალ ავტოს წინა ცხოვრებაში. "ჩამოყრილი" მანძილის მთვლელი და გადატანილი მძიმე საგზაო შემთხვევა საკმარისი მიზეზია მსგავსი მანქანის ყიდვაზე უარის სათქმელად.

- ევროპული მეორადი ავტომანქანების მთავარი პრობლემა ჟანგი და მაღალი გარბენია. შედარებით მოვლილია გერმანიაში, ხოლო ნაკლებად იტალიაში და ჰოლანდიაში შეძენილი ავტომანქანები.

- ნუ შეიძენთ ავტომანქანას დაჩქარებულად, ავტობაზრობაზე თუ კერძო პირისგან - როცა გვერდით უამრავი "მრჩეველი" გყავთ, ხოლო ავტომანქანის მფლობელი ხოტბას ასხამს მისი საქონლის გამორჩეულ მდგომარეობას და თვისებებს - სერვისში აღმოჩენილი, თუნდაც მცირე დეფექტები სულ ცოტა ნერვებს დაგიზოგავთ, ამასთან ერთად შეგეძლებათ წინასწარ განსაზღვროთ ბიუჯეტი მანქანის მწყობრში მოსაყვანად.

- იაპონიიდან ჩამოყვანილი ავტომანქანები, როგორც წესი უფრო კარგ მდგომარეობაში არიან და გარბენიც ნაკლები აქვთ, ვიდრე ევროპა-ამერიკულებს. თუმცა ილუზიებს ნუ აყვებით - მეორადი მანქანა მეორადია იაპონიაშიც - იქაც იყრება ზამთარში გზებზე მარილი, ხდება საგზაო შემთხვევები და არსებობენ დაუდევარი მძღოლები, რომლებიც არც თუ ისე დიდ ყურადღებას უთმობენ ( განსაკუთრებით გაყიდვის წინ ) მოძველებულ მანქანებს.

- იაპონური ავტომანქანის შეძენისას მოითხოვეთ ე.წ. შეფასების ფურცელი და იქ მითითებული სარეგისტრაციო ნომრით გადამოწმეთ მისი ნამდვილობა შესაბამისი ინტერნეტ-გვერდების მეშვეობით , სადაც შესაძლებელია უკანასკნელ პერიოდში აუქციონებზე გაყიდული ავტომანქანების სტატისტიკის ნახვა. გადაამოწმეთ ფურცელში მოყვანილი ინფორმაციის სისწორე ( ხშირია შემთხვევები, როცა ხდება ფურცელში მოყვანილი ინფორმაციის გადაკეთება, რეალური შეფასების ქულის შეცვლა და ა.შ.).

- შეამოწმეთ ავტომანქანა დღის შუქზე

- თხოვეთ გამყიდველს, რომ თქვენს მისვლამდე არ დაქოქოს მანქანა (ცივი ძრავი მეტს გეტყვით მის მდგომარეობაზე).

- გამყიდველთან სატელეფონო საუბრისას დააზუსტეთ:

  • გამოშვების წელი
  • გარბენი
  • საქართველოში ექსპლუატაციის დრო (როდიდან არის საქართველოში)
  • მიღებული აქვს თუ არა რაიმე სახის დაზიანება
  • გამოცვლილი აქვს თუ არა ძარის რომელიმე ნაწილი
  • არის თუ არა შენაღები
  • სალონის მდგომარეობა
  • საბურავების მდგომარეობა
  • ძრავის მიერ ზეთის გადამეტებული მოხმარება
  • გადაცემათა კოლოფის მდგომარეობა
  • აკუმულატორის მდგომარეობა
  • ბოლოს ჩატარებული სერვისი
  • შეცვლილი სახარჯი სითხეები და სამუხრუჭე ხუნდები
  • წინა მფლობელთა რაოდენობა
  • მისთვის ცნობილი ავტომანქანის მოუგვარებელი დეფექტი
  • გათბობა - კონდიცირების სისტემის გამართულობა

მეორადი ავტომანქანები შეიძლება გაიყოს ორ კატეგორიად

1. საქართველოში ჯერ არ ექსპლუატირებული, ან საქართველოში მცირე გარბენის მქონე

2. საქართველოში 4-6 თვეზე მეტ ხანს ექსპლუატაციაში ნამყოფი.

რა თქმა უნდა მე-2 კატეგორიაში გვხვდებიან კეთილსინდისიერი ავტომფლობელებიც, რომლებიც გულდასმით უვლიან თავიანთ ავტომანქანებს და გაყიდვის გადაწყვეტილების შემთხვევაში ზრუნავენ მომავალ პატრონზე, არ ტოვებენ რა არც ერთ აუცილებელ სერვისს, მაგრამ, სამწუხაროდ ეს ძალზედ იშვიათი გამონაკლისია. მე-2 კატეგორიაში ხსენებული ავტომანქანები განსაკუთრებით დაკვირვებით უნდა შემოწმდეს - უხარისხო საწვავი, დიდი სერვის-ინტერვალები, და ზოგადად, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონი (რაც ხელს უშლის მფლობელს დროულად მოუაროს მანქანას და ჩაუტაროს ხარისხიანი სერვისი ) დაღს ასვამს ავტომობილს და უსიამოვნო სიურპრიზების ნაკრები თითქმის გარანტირებული გაქვთ.

იხილეთ გაგრძელება