რუსთავი-თბილისის მგზავრობის ახალი ტარიფი ქალაქის მერიასთან შეუთანხმებლად დაწესდა

რუსთავის მერიაში აცხადებენ, რომ კომპანია ,,ინტერტრანსმა“ რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მგზავრობის საფასური ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად გაზარდა. როგორც რუსთავის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის სამსახურის უფროსი თამარ აქუბარდია აცხადებს, რუსთავის მერია, რა თქმა უნდა, ტარიფის გაზრდის წინააღმდეგია და ,,ინტერტრანსმა“ ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.

,,პირველ რიგში მინდა განვაცხადო, რომ რუსთავის მერია, რა თქმა უნდა, წინააღმდეგია ტარიფის გაზრდის. ,,ინტერტრანსმა“ მგზავრობის ღირებულება მერიასთან შეუთახმებლად გაზარდა. რუსთავის საკრებულოს მიერ 2014 წლის 10 თებერვალს დამტკიცებული წესის თანახმად, რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მფლობელ კომპანიას ტარიფის სავარაუდო გაზრდასთან დაკავშირებით, მერიაში 1 თვით ადრე უნდა გაეგზავნა შეტყობინება. ,,ინტერტრანსის“ წერილი მერიაში 24 ნოემბერს შემოვიდა, მათ ისე გაზარდეს ტარიფი, რომ მერიისგან პასუხი მიღებული არ ჰქონდათ“, - განაცხადა თამარ აქუბარდიამ.

კომპანია "ინტერტრანსმა“ რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება 1.30-დან 1.50 თეთრამდე გუშინ გაზარდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მგზავრობის ტარიფის გაზრდა ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო, კომპანიაში შექმნილმა ფინანსურმა კრიზისმა გამოიწვია. მგზავრობის საფასური „ინტერტრანსმა“ რუსთავის-თბილისის 9 მარშრუტიდან 7-ზე გაზარდა.