თბილისში ველოსიპედების 26 სადგომი მოეწყობა

თბილისში 26 ველოსადგომი 2017 წლის დასაწყისში გაკეთდება. როგორც თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში აცხადებენ, პირველი სამი ველოსადგომი დედაენის ბაღში, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე, ვახუშტის ხიდის მიმდებარედ განთავსდება: ”ვფიქრობთ სხვადასხვა ლოკაციაზე 25-26 ველოსადგომი განვათავსოთ. პირველ ეტაპზე მხოლოდ ველოსადგომების მოწყობა განხორციელდება. შემდეგ დავიწყებთ ველობილიკების დაგეგმარების პროცესს. 25-26 პარკინგი ერთმანეთს ველობილიკებით უნდა დაუკავშირდეს. ეს მარშრუტები დასამუშავებელია. შეიძლება ამ 26 პარკინგიდან ველომოყვარულებისათვის რომელიმე აქტუალური არ აღმოჩნდეს და სხვაგან გადავიტანოთ. ველოსიპედების სადგომები ქალაქში 2017 წლის დასაწყისიდან გაჩნდება. ველობილიკების დაგეგმარების პროექტი კი ჯერ შესწავლის ეტაპზეა”, - აცხადებენ ტრანსპორტის სამსახურში.

მათივე ცნობით, ველოტრასებისა და ველოპარკინგების მოწყობის პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციას ”პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” ეკუთვნის: ”ტრანსპორტის სამსახურთან ერთად პროექტზე არქიტექტურის სამსახურიც მუშაობს. ერთი შეხედვით თითქოს მარტივია ამ მარშუტების გაკეთება, მაგრამ თბილისის ინფრასტრუქტურა ველოსიპედებზე მორგებული არ არის. ამ ეტაპზე ძალიან რთულია ქალაქზე ველო მარშუტების მორგება. ველობილიკების მოწყობა დიდ დაფიქრებასა და გათვლას საჭიროებს. რთულია ინფრასტრუქტურულად მისი დაგეგმვა. როგორც ჩანს, ეს პროექტი დიდ კაპიტალდაბანდებებს მოითხოვს. ხარჯების ზუსტი ოდენობა პროექტის შექმნის შემდეგ გამოიკვეთება”, - აცხადებენ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.

თათია ახვლედიანი