სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ბიზნესმენებთან შეხვედრას გამართავს

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე 7 დეკემბერს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენებთან მეთექვსმეტე შეხვედრას გამართავს. როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან იუწყებიან, სააგენტოს ხელმძღვანელი შეხვედრას გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობების სფეროში ოპერირებად მიმწოდებლებთან გამართავს.

შეხვედრების მიზანია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებმა უშუალოდ მიაწოდონ ინფორმაცია კონკრეტულ ტენდერებზე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული, მათი აზრით პრობლემური საკითხებისა და შესყიდვების სფეროში არსებული შესაძლო ხარვეზების შესახებ. ასევე, წარმოადგინონ საკუთარი ხედვები, მოსაზრებები და პრობლემის გადაჭრის წინადადებები, რომელზეც სააგენტო შემდეგ ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს.

შეხვედრაზე დასწრების მსურველები სააგენტოს 6 დეკემბრამდე უნდა დაუკავშირდნენ.

ამასთან, როგორც სააგენტოში აცხადებენ, 21 დეკემბერს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ბიზნესმენებთან წლის შემაჯამებელ შეხვედრას გამართავს, სადაც განხორციელებული და მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით ანგარიშს წარადგენს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან რაზმაძის ინიციატივით, შეხვედრები ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებთან რეგულარულად, თვეში ორჯერ ტარდება.