GEM-Fest ფესტივალის ტერიტორიაზე ბარებისა და რესტორნების მოსაწყობად ტენდერს აცხადებს

GEM-Fest-მა ხარვეზების გამოსწორებაზე ზრუნვა და ფესტივალის ტერიტორიაზე ბარების, რესტორნების და „ფასთფუდის“ ობიექტების განაწილება დაიწყო. როგორც  GEM-Fest-ის ორგანიზატორები იუწყებიან, 18 ჰა ფართობზე 12 სრულფასოვანი რესტორანი უნდა განთავსდეს, რათა ერთი თვის განმავლობაში სტუმრებს კვებასთან დაკავშირებული პრობლემები არ შეექმნას. სივრცეში ასევე 20-მდე „ფასთფუდ“ წერტილი და 30 ბარი განთავსდება, რაც 100 000-მდე დამსვენებელსა და გართობის მსურველს უპრობლემოდ მოემსახურება.

ფესტივალის დამფუძნებლის გიორგი სიგუას განცხადებით, უპირატესობა რესტორნების მოსაწყობად ადგილობრივ მაცხოვრებლებს მიეცემათ და 600 კვადრატულ მეტრ სარესტორნო ფართში ისინი იჯარის თანხას არ გადაიხდიან. ტენდერი ინტერესის გამოხატვის სახით ხვალ გამოცხადდება და მასში ყველა მსურველს ექნება მონაწილეობის მიღების საშუალება. ობიექტის დიზაინი, წესდება და პროდუქციის გასაყიდი ფასის ზედა ზღვარი “ჯემ ფესტის” ადმინისტრაციასთან შეთანხმდება.