"საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ბანკებისთვის პოზიტიურია, რადგან საკრედიტო დანაკარგებს ამცირებს"

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო "მუდისის" შეფასებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება 2015 წლის იანვრამდე აშშ დოლარში გაცემული იპოთეკური სესხების ლარში ნებაყოფლობითი კონვერტაციის სუბსიდირების შესახებ, ქართული ბანკებისთვის დადებითია, რადგან საკრედიტო დანაკარგებს ამცირებს.

სააგენტოს განცხადებით, პროგრამა არ ითვალისწინებს ბანკების მხრიდან ხარჯების გაწევას, ვინაიდან სახელმწიფო ბიუჯეტი დაფარავს 20 თეთრის სხვაობას. „მუდის“-ის შეფასებით, პროგრამა ბანკების პორტფელის დაახლოებით 5%-ს შეეხება.

„საქართველოში ბანკები მზარდი საკრედიტო რისკის წინაშე დგანან, როდესაც ვალუტის კურსის რყევა უარყოფითად მოქმედებს მსესხებლების გადახდისუნარიანობაზე. საქართველოში სესხების დაახლოებით 2/3 დენომინირებულია უცხოურ ვალუტაში (ძირითადად აშშ დოლარში). „საქართველოს ბანკის“ და „თიბისი ბანკის“ მინაცემებით, საკრედიტო პორტფელის დაახლოებით 40%-ს შეადგენს ისეთი სესხები, რომლებიც დენომინირებულია აშშ დოლარში და გაცემულია მსესხებლებზე, რომლებსაც შემოსავალი აშშ დოლარში არ აქვთ.

ვალუტის კურსის რყევით გამოწვეულ საკრედიტო რისკებთან მიმართებაში ქართული ბანკები ინარჩუნებენ კაპიტალის მნიშვნელოვან სარეზერვო მარაგებს, რაც უზრუნველყოფილია არაჰეჯირებული მსესხებლებისთვის გაცემულ სესხებზე მაღალი რისკის შეწონვით. ბანკები ასევე ითვალისწინებენ 10-20%-იან ადგილობრივი ვალუტის გაუფასურებას, როდესაც აფასებენ მსესხებლის გადახდისუნარიანობას უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სესხების შემთხვევაში.

გაუფასურება უარყოფით გავლენას ახდენს ბანკების საზედამხედველო კაპიტალის ადეკვატურობაზე, ვინაიდან აქტივების უმეტესობა დენომინირებულია აშშ დოლარში, ხოლო კაპიტალი - ლარში. სესხების კონვერტაცია ადგილობრივ ვალუტაში რისკის დაბალი შეწონვის გამო ნაწილობრივ შეამსუბუქებს ამ უარყოფით გავლენას.

გეგმის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკი მოითხოვს 2017 წლის იანვრიდან 100.000 ლარზე ქვემოთ და 2018 წლის იანვრიდან 200.000 ლარის ქვემოთ ყველა ახალი სესხების გაცემას ადგილობრივ ვალუტაში. ეს ხელს შეუწყობს ვალუტის კურსის რყევით გამოწვეული საკრედიტო რისკების შეკავებას და მხარს დაუჭერს ეკონომიკის გრძელვადიან დედოლარიზაციას“, - აღნიშნავს "მუდისი".