Facebook, Microsoft, Twitter და YouTube-ი ექსტრემისტული კონტენტის ბაზას შექმნიან

ინტერნეტ-ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე წამყვანმა კომპანიებმა, Facebook, Microsoft, Twitter და YouTube-ი, შეთანხმებას მიაღწიეს თავისი საიტების მეშვეობით ექსტრემისტული სურათებისა და ვიდეოების გავრცელების აღკვეთის შესახებ, - იუწყება BBC.

აღნიშნული კომპანიები გეგმავენ ერთიანი ბაზის შექმნას, რომელიც მოიცავს მთლიანი კონტენტის „ვირტუალურ ანაბეჭდებს“.

მონაცემთა ბაზის მეშვეობით ისინი თვალს ადევნებენ საიტებზე კონტენტის ატვირთვას. ექსტრემისტული ინფორმაციის შემცველი კონტენტის მასალის გამოჩენის შემთხვევაში, კომპანიები შეძლებენ მის წაშლას მანამ, სანამ ასეთი მასალის გავრცელება დაიწყება.

Twitter-მა აღნიშნა, რომ კომპანიის მიერ უზრუნველყოფილ სერვისებზე „არ არის ადგილი იმ კონტენტისთვის, რომელიც ხელს უწყობს ტერორიზმს“.

თუ მომხმარებელი თვლის, რომ მისი კონტენტი შეცდომით წაშალეს და არ არის დაკავშირებული ტერორისტული ჯგუფების მხარდაჭერასთან, ის შეძლებს აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას, - ნათქვამია Twitter-ის განცხადებაში.