"ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ საქართველოში მაღალია მეწარმეობის სულისკვეთება"

ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს წინსვლამ, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, სირილ მიულერმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც სირილ მიულერმა აღნიშნა, მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ საქართველოში მაღალია მეწარმეობის სულისკვეთება.

მისი შეფასებით, შთამბეჭდავია საქართველოს განვითარება, რაც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

„მქონდა შეხვედრები მთავრობის წევრებთან. ამ შეხვედრებზე მაცნობეს, რომ განათლება შედის მთავრობისა და ზოგადად, ქვეყნის პრიორიტეტებში, რაც ძალიან სასიხარულოა ჩემთვის. ქართველები ძალიან ზრუნავენ თავიანთ შვილებზე და სწორედ მათია ქვეყნის მომავალი. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ საქართველოში მაღალია მეწარმეობის სულისკვეთება. მე შევხვდი ახალგაზრდებს, რომლებიც ქმნიან და ავითარებენ დამწყებ ბიზნესებს. ასევე შევხვდი საბანკო სექტორის წარმომადგენლებს, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის“, - განაცხადა მიულერმა.

მისივე თქმით, მსოფლიო ბანკი წლების განმავლობაში ძალიან აქტიურად საქმიანობს საქართველოში და მნიშვნელოვანია შედეგები, რომლებიც მოქალაქეთა ცხოვრებაზე აისახება.

„მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი მომავლის მიმართ. ჩემზე, როგორც ადამიანზე, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არაერთხელ ეწვია თქვენს ქვეყანას, ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენმა წინსვლამ. მართალია, წინ დიდი სამუშაო გველის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ამ გამოწვევას სათანადოდ უპასუხებს და ამ გზაზე სვლას გააგრძელებს“, - განაცხადა სირილ მიულერმა.