"საქართველოს ეკონომიკა ინტეგრირებულია სხვა ეკონომიკებთან, საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე კი არასტაბილურობის მაღალი დონეა"

საქართველოს ეკონომიკა ინტეგრირებულია სხვა ეკონომიკებთან, საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე კი არასტაბილურობის საკმაოდ მაღალი დონეა , - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, სირილ მიულერმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი შეფასებით, მართალია, საქართველო, დამოუკიდებელი ქვეყანაა, თუმცა ინტეგრირებულია რეგიონის ეკონომიკაში, რომელიც დღეს ძალიან დიდი სირთულეების წინაშე დგას, საქართველოს საკვანძო ბაზრებისა და სფეროების ჩათვლით.

„ასე რომ, ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობას აქვს პროგრამები, რომელიც მოქალაქეებში განამტკიცებს ქვეყნის ეკონომიკის რწმენას. პარლამენტში გადაგზავნილი ბიუჯეტი საკმაოდ რთულია, რადგანაც მასში მოცემულია ხარჯების შემცირება. მიუხედავად ამისა, ეს მნიშვნელოვანია ეკონომიკის წინსვლის სანდოობის განსამტკიცებლად“, - განაცხადა სირილ მიულერმა.

მისივე თქმით, საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე არასტაბილურობის საკმაოდ მაღალი დონეა, რაზეც, მაგალითად, თურქული ლირის ამჟამინდელი მდგომარეობაც მიუთითებს.

„ამიტომ არ მიკვირს, რომ ლართან დაკავშირებით ასეთი მდგომარეობაა. თუმცა, ჩემი აზრით, უდიდესი მნიშვნელობა ექნება საბანკო სექტორის პროგრესის გაგრძელებას. ამიტომ მგონია, რომ ამჟამინდელი მდგომარეობა - ეკონომიკაში ლარისა და დოლარის როლთან დაკავშირებით, დროთა განმავლობაში დარეგულირდება. ამას სჭირდება დრო და არ არსებობს ერთი მექანიზმი, რომელიც ამ საკითხს მოაგვარებდა. თუმცა მგონია, რომ ამ საკითხის მოგვარებაზე მუშაობა ყოველთვის საჭიროა და დარწმუნებული ვარ, ეს მიღწევადია“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.