ქართული პროდუქცია ინდონეზიაში საქველმოქმედო ბაზრობაზე წარადგინეს

ინდონეზიაში საქართველოს საელჩომ ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით გამართულ, 49-ე ყოველწლიურ საქველმოქმედო გამოფენა-ბაზრობაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაში ჯაკარტაში აკრედიტებული 53 დიპლომატიური მისია და სხვადასხვა ადგილობრივი კომერციული ორგანიზაცია მონაწილეობდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენაზე საქართველოს საელჩომ ქართული კომპანიების მიერ მოწოდებული პროდუქცია, მათ შორის ქართული ღვინო, თაფლი, ტკბილეულობა და მინერალური წყალი წარადგინა, ასევე მინანქრის ხელნაკეთი ნივთები, ქსოვილები და სხვადასხვა სუვენირები. უწყების ინფორმაციითვე, გამოფენის ფარგლებში ქართულ კუთხეს ინდონეზიის პირველი ლედი ჯოკო ვიდოდო ეწვია. წარმოდგენილმა პროდუქციამ კი მისი დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ გამოფენის ფარგლებში ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიმართ განსაკუთრებული დაინტერესება გამოხატეს ინდონეზიელმა იმპორტიორებმა და საქართველოს საელჩოსთან შემდგომი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

საქველმოქმედო გამოფენიდან შემოსული თანხა საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება, რომელიც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების სწავლა-განათლების უზრუნველყოფასა და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას მოხმარდება.