ინოვაციებისა და ინიციატივების მართვის მიმართულებით ტრენერთა ტრეინინგი დაიწყო

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, ინოვაციებისა და ინიციატივების მართვის მიმართულებით ტრენერთა ტრეინინგი დაიწყო. როგორც „ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოდან იუწყებიან, აღნიშნული პროექტის პირველ ეტაპზე მოხდა ზუგდიდის ტექნოპარკის, ასევე ხარაგაულის, ბაღდათისა და ჭოპორტის ინოვაციების ცენტრების მენეჯერთა გადამზადება ინოვაციების მართვის და ინოვაციური ახალგაზრდული კლუბების ჩამოყალიბების მიმართულებით. პროექტის მეორე ეტაპი მოიცავდა ტრენერთა გადასამზადებელ ტრენინგს, რომლის ფარგლებშიც მსურველებს უფასოდ ჩაუტარდათ ტრენინგი ტრენერობისათვის საჭირო უნარჩვევების გასავითარებლად. სულ გადამზადდა 38 ადამიანი, აქედან 20-ზე მეტმა მონაწილემ შეძლო პროექტის შემდეგ ეტაპზე გადასვლა. გადამზადებულ ტრენერთა ჩართულობით რეგიონებში დეკემბრიდან ჩატარდება ინტენსიური ტრეინინგები ადგილობრივი მოსახლეობისათვის ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართულებებით.

„მნიშვნელოვანია, რომ რეგიონის მოსახლეობას მიეწოდოს ცოდნა და მოხდეს გამოცდილების გაზიარება ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართულებით, რათა მათ შეძლონ სრულყოფილად ჩაერთონ გლობალურად მიმდინარე პროცესებში, შექმნან საკუთარი სტარტაპ კომპანიები. გარდა ამისა, სააგენტოსთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს რეგიონებში სხვადასხვა ტიპის კონკურსების ჩატარება, რომლითაც ადგილობრივი ინოვატორები მაქსიმალურ კავშირში იქნებიან დედაქალაქის მოსახლეობასთან“, - განაცხადა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კასრაძემ.

პროექტის დასკვნითი ღონისძიება თბილისში გაიმართება. ტრეინინგების ყველაზე აქტიური და ინიციატივებით გამოჩენილი ახალგაზრდები ტექნოპარკში საკუთარ პროექტებს წარადგენენ.