სტუდენტური ტარიფის დაწესების მოთხოვნით რუსთავის მერიასთან აქცია გაიმართა

სტუდენტური ტარიფის დაწესების მოთხოვნით რუსთავის მერიასთან აქცია გაიმართა. აქციაში რუსთაველი სტუდენტები მონაწილეობდნენ. მათ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის ორგანიზაციისა და ,,თავისუფალი ზონის" ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

აქციაზე იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობიდან“ საქართველოს პარლამენტის წევრი მამუკა ჩიქოვანიც. აქციის მონაწილეები კომპანია ,,ინტერტრანსის" მიერ მგზავრობის საფასურის გაზრდას აპროტესტებდნენ და სტუდენტური ტარიფის დაწესებას ითხოვდნენ.

აქციის მონაწილეებს რუსთავის ვიცე-მერი ნოდარ შეროზია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე და დეპუტატები შეხვდნენ. მათ სტუდენტებს მერიის სათათბირო დარბაზში შესვლა და საუბრის იქ გაგრძელება შესთავაზეს, რაზეც კატეგორიული უარი მიიღეს. რუსთავის ვიცე-მერის, ნოდარ შეროზიას განცხადებით, რუსთავის მერია მგზავრობის საფასურს პროგრამულად უფინანსებს სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების სტუდენტებს. რაც შეეხება სტუდენტური ტარიფის დაწესებას, ამას თავად კომპანია ,,ინტერტრანსი" განსაზღვრავს.