"ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი თვითმმართველობის სიახლეებზე დისკუსიას შეუწყობს ხელს"

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თვითმმართველობის სიახლეებზე დისკუსიას შეუწყობს ხელს.

”ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ასევე სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს არიან ჩამოსულები, გვეძლევა საშუალება გვქონდეს ძალიან აქტიური დისკუსია თვითმმართველობის სიახლეებზე, ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, წლევანდელ ფორუმზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ადგილობრივი განვითარების ინოვაციურ მიმართულებებზე, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაზე, იმ ინსტრუმენტებზე, რომელიც გააჩნია ადგილობრივი თვითმმართველობას და რომელიც უნდა გამოიყენოს აქტიურად იმისთვის, რომ ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებას შეუწყოს ხელი.

”ჩვენ, ჩვენი მხრიდან საუბარი გვექნება გენერალური გეგმის საკითხებზე თბილისის, როგორც მომავლის ქალაქის კონცეფციაზე, ასევე სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგების აქტიურ ღონისძიებებზე”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

სასტუმრო ”ბილტმორში” მერიის ორგანიზებით ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-9 საერთაშორისო ფორუმი იმართება. ღონისძიებას დედაქალაქი 2007 წლიდან მასპინძლობს.