„რეზონანსი" - "იანდექს ტაქსმა" მძღოლები გადაიბირა და კომპანიები გააკოტრა

დემპინგური ფასით შემოსულმა "იანდექს ტაქსმა" ქართული კომპანიები გაკოტრების პირას მიიყვანა. რუსული კომპანია კლიენტების "წართმევას" არ დასჯერდა და მძღოლებიც გადაიბირა, რის გამოც ადგილობრივი ფირმები საქმიანობას ვერ აგრძელებენ. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს,  გავრცელებული ინფორმაციით, ბაზარს რამდენიმე ტაქსის კომპანია ჩამოშორდა, მალე მათ რიგს, შესაძლოა, "ტაქსი 200-200" შეუერთდეს, რადგან კომპანია უკონკურენტო გარემოში საქმიანობამ გამოუვალ მდგომარეობამდე მიიყვანა.

"ტაქსი 200-200"-ის დირექტორის ნიკა ხოფერიას თქმით, ამ ეტაპზე თანამშრომლების 20 პროცენტიღა შემორჩათ, დანარჩენი 80% "იანდექს ტაქსს" შეუერთდა.

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "იანდექს ტაქსთან" ქართული "ტაქსი 200-200" თანამშრომლობს, რადგან ამ ნომერზე ტაქსის გამოძახების შემდეგ მათთან რუსული კომპანიის ტაქსი მივიდა.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მიზეზი არა რუსულ ფირმასთან თანამშრომლობა, არამედ "ტაქსი 200-200"-ის თანამშრომლის გადაბირება გახდა. ნიკა ხოფერია ღიად აცხადებს, რომ პრინციპულად არ ითანამშრომლებს რუსულ კომპანიასთან, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობას არ ცნობს და სამაჩაბლოსა და აფხაზეთს დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებს.

ნიკა ხოფერია "რეზონანსთან" საუბრისას ადასტურებს, რომ "ტაქსი 200-200" რეალურად გაკოტრების პირასაა.

"ჩვენი თანამშრომლების უმრავლესობა "იანდექს ტაქსმა" გადაიბირა, ფაქტობრივად, გაგვაკოტრეს, რადგან ქართული კომპანია მცირე რესურსით საქმანობას უკვე ვეღარ აგრძელებს. რუსულმა გიგანტმა ქართული კომპანიების უმეტესობა შეიერთა. ბევრმა იფიქრა, "ჩათრევას ჩაყოლა ჯობიაო" და თანამშრომლობა გადაწყვიტა. სადაც კი ამას ვერ მიაღწიეს, მძღოლების გადაბირების გზას დაადგნენ და საწადელს მიაღწიეს კიდეც, რადგან მათი შეთავაზება ქართველი "ტაქსისტებისთვის" მისაღებია. ჩვენ მიერ გაცემულ ხელფასთან შედარებით, ორმაგს უხდიან, ხოლო მგზავრებს იაფი ტარიფებით იტყუებენ. ძნელია, ამ ცდუნებას გაუძლონ, ამიტომ მიდიან ჩვენგან მძღოლებიც და კლიენტებიც.

ამან იქამდე მიგვიყვანა, რომ გავკოტრდით, არანაირი რესურსი აღარ შეგვრჩა. ფაქტობრივად, არ გვყავს მძღოლები და ვერ ვმუშაობთ. ეს მოხდა იმიტომ, რომ ჩვენ არ ვითანამშრომლეთ რუსულ კომპანიასთან, რომელიც პატივს არ სცემს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არ ცნობს. პირადად ჩემთვის ასეთ კომპანიასთან თანამშრომლობა მიუღებელია", - აცხადებს ნიკა ხოფერია.

მისი თქმით, უკვე მიმართა კონკურენციის სააგენტოს და "იანდექს ტაქსის" საქმიანობის" შესწავლა მოითხოვა.

"სომხეთში "იანდექსი" ადგილობრივმა კონკურენციის სააგენტომ დააჯარიმა და აიძულა საბაზრო პირობებთან შესაბამისობაში მოეყვანა ტარიფები. ჩვენც ამასვე მოვითხოვთ. თვითნებური საფასო პოლიტიკით რუსული კომპანია ყველას გააკოტრებს, რის შემდეგაც გააძვირებს ტარიფებს და გააგრძელებს საქმიანობას, თითქოს არაფერი მომხდარა. ამასობაში კი კომპანიები გავკოტრდით. რამდენიმე მოთამაშე ბაზარს გამოეთიშა, ზოგიც დახურვის პირასაა.

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მივმართეთ და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ძალიან გვიჭირს, რადგან "იანდექს ტაქსს" აქვს ძალიან დიდი ფინანსური რესურსი, თითქმის საქართველოს ბიუჯეტისხელა კაპიტალი და მასთან კონკურენციის გაწევა არათანაბარ საბაზრო პირობებში წარმოუდგენელია. რუსულ კომპანიას თვითღირებულების მესამედ ფასში მიჰყავს მომხმარებელი, რაც მოსყიდვაა და ასეთი ფაქტი მთავრობას ყურადღების მიღმა აქამდეც არ უნდა დარჩენოდა.

სახელმწიფო იმისთვის არსებობს, რომ მოქალაქეები და ბიზნესი მოულოდნელი რისკისგან დაიცვას. დროზე რომ მიეღოთ ზომები, ჩვენ ამ მდგომარეობაში არ აღმოვჩნდებოდით", - აცხადებს ნიკა ხოფერია.

პრობლემაზე საუბრობენ კერძო "ტაქსისტებიც". გელა გამყრელიძის ინფორმაციით, რამდენიმე თვეა ზარალზე მუშაობს, რისი მიზეზიც, მისი თქმით, "იანდექსის" შემოსვლაა.

"თვითღირებულების ნახევარსაც კი არ იხდიან მომხმარებლები, რუსული კომპანიის მომსახურებას მეტ უპირატესობას ანიჭებენ. მათი კლიენტები განსაკუთრებით ახალგაზრდები არიან. იშვიათად, რომ ჩვენი მომსახურებით ისარგებლონ, თუ დღეში 5-6 კლიენტი მაინც ამყავდა, ახლა დღე ისე გავა, რომ 2-3 ადამიანსაც ვერ ვემსახურები. სექტემბრიდან მოყოლებული, ეს პრობლემაა. როგორც ვიცი, მძღოლებიც გადაიბირეს, მთელ ქალაქს მოედვნენ და მათთან კონკურენციის გაწევა შეუძლებელია. ამასობაში კი ჩვენ ვზარალდებით", - ამბობს უკმაყოფილო მძღოლი.

როგორც "იანდექს ტაქსის" "ფეისბუქის" ოფიციალური გვერდი იტყობინება, მგზავრობის ღირებულება 50 თეთრიდან იწყება. ამ ფასში შედის მგზავრობა 2 კმ-ზე და 5-წუთიანი ლოდინი.

სისტემას აქვს ისეთი სერვისები, როგორიცაა საფასო კატეგორიის შერჩევა "ეკონომ", "სტანდარტ" და "ბიზნეს" კატეგორიები. ასევე ცალკეული მახასიათებლები - არამწეველი მძღოლი, საბავშვო სავარძელი, კონდიციონერი და ა. შ.

შეგახსენებთ, რუსულ პრესაში "იანდექს ტაქსის" საქართვლეოში შემოსვლასთან დაკავშირებული ინფორმაცია მიმდინარე წლის ივლისში გამოჩნდა. საქართველო ბელორუსის, ყაზახეთის, რუსეთისა და სომხეთის შემდეგ მეხუთე ქვეყანა გახდა, სადაც რუსული კომპანიის აპლიკაცია ჩაეშვა.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"