რა ღირს სიკვდილი საქართველოში? - 10 000 ლარიანი სასახლე, 6 800 ლარიანი საფლავი და VIP-კლასის სერვისები

რა ღირს სიკვდილი საქართველოში და რა თანხაა საჭირო მხოლოდ დაკრძალვის ხარჯების გასასტუმრებლად.სასახლე, მაცივარი, სარიტუალო ატრიბუტები, კატაფალკით მომსახურება, და ა.შ. სარიტუალო დამკრძალავი ბიუროები მომხმარებლებს VIP და ეკონომ კლასის მომსახურებას სთავაზობენ. იმ შემთხვევაში, თუ ჭირისუფალს სასაფლაოს შერჩევისთვის ზრუნვა არ უწევს, დაკრძალვის ხარჯები, მინიმუმ, 700 ლარით განისაზღვრება.

როგორც კერძო კომპანია "თბილბიუროს" წარმომადგენელი AMBEBI.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, ბიუროში სხვადასხვა სახის მომსახურების მიღებაა შესაძლებელი.

"ბიუროს ყველანაირი მომსახურება აქვს და 24 საათიანი გრაფიკით მუშაობს. სასახლის ფასები სხვადასხვაა, 200 ლარიდან იწყება და 10 ათას ლარამდეც ადის. რაც შეეხება მგზავრობის მომსახურებას, საქართველოს ყველა რეგიონს ვემსახურებით, შესაბამისად, ფასებიც განსხვავებულია. კილომეტრი 50 თეთრი ღირს. მიცვალებულის მომზადების ღირებულება 50 ლარიდან 200 ლარამდე მერყეობს. ხოლო მაცივრის საფასური 150-250 ლარს შეადგენს," - განაცხადეს "თბილბიუროში".

თბილისში სარიტუალო მომსახურებას კომპანია "ჰერმესი" ახორციელებს, რომელიც მერიის დაქვემდებერებაშია. კომპანიას სხვადასხვა სახის მომსახურება აქვს.

გარდაცვლილის გადასასვენებელი სატრანსპორტო საშუალება - კატაფალკა:

მერსედესი - 80 ლარი

კადილაკი - 150 ლარი

52-ადგილიანი ავტობუსი - 150 ლარი.

სხვადასხვა სახის სარიტუაცო ნივთები:

სუდარა - 25 ლარი

შანდალი - 20 ლარი

მიცვალებულის დასასვენებელი ტახტი - 55 ლარი

ხის ჯვარი - 5 ლარი

რაც შეეხება სასაფლაოებს, თბილისში 60-მდე სასაფლაოა, აქედან 31 "ჰერმესის" მმართველობის ქვეშ არის. განსხვავებული საფლავის ფასებიც. საფლავები ზონების მიხედვითაა დაყოფილი. ე.წ I, II, III და IV ფასიანია, V უფასო. თბილისის მთავრობის მიერ დაწესებული ტარიფების შესაბამისად, ერთადგილიანი საფლავი პრესტიჟულ უბნებში მაქსიმუმ 2 ათასი, გარეუბანში კი - 50 ლარი ღირს. რაც შეეხება ე.წ. უფასო ზონას, აქ მხოლოდ ერთ და ორადგილიანი საფლავებია უფასო.

ფასები განსხვავებულია რაიონების მიხედვითაც. საბურთალოზე, რომელიც ყველაზე ძვირი სასაფლაოა, ერთადგილიანი საფლავის ღირებულება პირველ ზონაში ორი ათასი ლარს შეადგენს. ექვსადგილიანის ფასი იგივე ზონაში 6 800 ლარია. ფასები განსხვავებული მუხათგვერდის სასაფლაოზეც, აქ ერთადგილიანის ფასი 200 ლარია. ყველაზე დაბალი გადასახადი კი ნავთლუღის სასაფლაოზეა, სადაც ერთ ადგილიანი საფლავის ღირებულება 50 ლარიდან იწყება.

ლიკა ამირაშვილი

AMBEBI.GE