„რეზონანსი" - საწვავის გაძვირება ვადაზე ადრე დაიწყო და მალე 2 ლარს გადააჭარბებს

ნავთობპროდუქტების ბაზარზე საწვავის ფასი ბოლო ორი დღეა დიდი სისწრაფით მატულობს. ამას ლარის კურსის გაუფასურებაც ემატება. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ნავთობიმპორტიორებმა საწვავი 5-7 თეთრით უკვე გააძვირეს. სანამ აქციზის გადასახადი მოიმატებს, საწვავის ღირებულება კიდევ გაიზრდება. ქვეყანაში მოულოდნელად ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ 3-4 კვირაში ყველაზე იაფი ბენზინის ფასი 2 ლარს გადააჭარბებს.

რადგან ქვეყანაში ლარის გამყარება ვერ ხერხდება და საწვავზე ფასის ზრდა მომავალშიც გაგრძელდება, ბაზარზე უკვე დაძაბულობა შეიმჩნევა. დღესდღეობით ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი ბენზინის ღირებულება 1.74 ლარს შეადგენს, ხოლო პატარა სადგურებზე 1.60 ლარს. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირება გრძელდება და ვერც ლარის გაუფასურების შეჩერება ვერ ხერხდება. თუ სიტუაცია ამ ტემპით განვითარდა, შესაძლოა, ახალი წლის შემდეგ საწვავის ფასმა 2 ლარს გადააჭარბოს, რადგან სანამ აქციზი გაიზრდება, ბაზარზე გაძვირების არასასურველი პროცესი თავისდაუნებურად დაჩქარდა. ეს არის მძიმე დარტყმა როგორც ბიზნესისათვის, ასევე მოსახლეობისთვისაც.

საწვავის მიმდინარე და 2017 წლის სავარაუდო ფასთან დაკავშირებით, კონკრეტული პროგნოზისგან თავს იკავებს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი. მისი აზრით, საწვავის დღევანდელი ნიშნული საგანგაშო არ არის.

"საწვავის ფასის მიმდინარე ცვლილება დაკავშირებულია საერთაშორისო მოვლენებთან. მოგეხსენებათ, ოპეკის გადაწყვეტილებამ გამოიწვია ფასის კორექტირება. ამასვე დაემატა ლარის კურსის გაუფასურება, შესაბამისად, გაჩნდა დიდი სხვაობა. ისიც უნდა ითქვას, რომ ერთნაირად არ გაუძვირებია ყველა სადგურს, მხოლოდ რამდენიმემ შეცვალა ღირებულება.

მომავალში რა იქნება, დღევანდელი გადასახედიდან რთულია საუბარი იმიტომ, რომ არ ვიცით, საერთაშორისო ფასი როგორ წავა და ჯერ პესიმისტური პროგნოზის გაკეთება არ იქნება მართებული ჩემი მხრიდან. არც ის ვიცით, დოლარი ლარის მიმართ, როგორ კურსზე დასტაბილურდება. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი პროგნოზი, რომელსაც მე გავაკეთებ, შეიძლება აღმოჩნდეს არამართებული. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

დღევანდელ ფასს რაც შეეხება, "სუპერის" ტიპის ბენზინს ზოგიერთ აგს-ებში 2 ლარზე ზემოთაც ყიდიან. რა იქნება მომავალში, გადასცდება თუ არა საწვავის ფასი 2-ლარიან ნიშნულს, ამაზე კონკრეტული განცხადება შეიძლება გავაკეთოთ ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე", - განუცხადა "რეზონანსს" მთვრალაშვილმა.

საწვავის დღევანდელ ფასს აქციზის მოსალოდნელ გაძვირებას არ უკავშირებს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელი პაატა ბაირახტარი. მისი აზრით, გამორიცხული არ არის, იმპორტიორებმა დამატებითი მოგების მიღების მიზნით, ამ ეტაპზე პროდუქტი ხელოვნურად გააძვირეს.

"ამ ეტაპზე საწვავის გაძვირება არანაირ ფუნდამენტურ კავშირში არ არის აქციზის მატებასთან. ჯერ აქციზი არ გაზრდილა და მეორე ფაქტორი არის ის, რომ თავად ნავთობიმპორტიორებმა საწვავის ფასის მატების მოტივად სხვა მომენტი დაასახელეს. ეს არის მსოფლიო ბაზარზე "შავი ოქროს" გაძვირება, რომელიც ნამდვილად დაფიქსირდა, თუმცა როდესაც საქართველოში ფასი მატებისკენ წავიდა, სულ რაღაც ორი დღის გაძვირებული იყო მსოფლიო ბაზარზე ნავთობი. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასე მოკლე დროში საერთაშორისო ბირჟების ტენდენცია ასახულიყო საქართველოს შიდა ბაზარზე. ეს, თავის მხრივ, ნიშნავს იმას, რომ ნავთობიმპორტიორები სპეკულირებენ ჩვენით და ცდილობენ მეტი მოგება მიიღონ", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ბაირახტარმა.

ანალიტიკოსი მომავალი წლის ბიუჯეტსაც შეეხო და იმ დეფიციტზე გაამახვილა ყურადღება, რაც აქციზის ხარჯზეა გადასაფარი. "მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრებს თუ შევხედავთ, შესამჩნევია დეფიციტი და აქიზის მომატებით უნდა გადაიფაროს. კონკრეტულად ნავთობპროდუქტებზე გაორმაგებული ზრდა აუცილებლად თვალშისაცემად გააძვირებს ნავთობპროდუქტებს, და საბოლოოდ სასურსათო კალათაზე იქონიებს გავლენას", - განაცხადა ბაირახტარმა.

ანალიტიკოსი ბექა კემულარია საწვავის ფასის მატებას (აქციზის გადასახადის მომატებამდე) ლარის დევალვაციას უკავშირებს და სპეკულაციას გამორიცხავს. მისი აზრით, ფასს ნავთობის ბაზარზე კონკურენცია მეტ-ნაკლებად არეგულირებს.

"საწვავის დღევანდელი ფასი გამოწვეულია ლარის კურსითა და საერთაშორისო ფასებით. აქ სპეკულაციის ნიშნებს ვერ ვხედავ. დღევანდელი ფასიც არ მიმაჩნია საგანგაშოდ. ამ ბაზარზე ახლა უკვე იმდენად დიდია კონკურენცია, რომ თავისუფლად ვეღარ მოქმედებენ, როგორც 2012 წლამდე.

აქციზის გადასახადთან დაკავშირებით ხშირია კომპანიების მხრიდან უკმაყოფილება. პირველ რიგში, აქციზის გადასახადით ბიუჯეტის დაბალანსება იყო სავალუტო ფონდის რეკომენდაცია. მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში 2 ლარის ფარგლებში იყო საწვავის საცალო ფასი. გადასახადის მატების შემდეგ დაახლოებით ისეთივე ნიშნულამდე აიწევს ბენზინის ღირებულება", - განუცხადა "რეზონანსს" კემულარიამ.

ნათია ლომიძე

გაზეთი "რეზონანსი"