რას შეცვლის საპენსიო რეფორმა პენსიონერების ცხოვრებაში?

მთავრობა პენსიების ინდექსაციას აპირებს

უკვე ცნობილია, რომ 2017 წლის ბიუჯეტით პენსიების ზრდა არ იგეგმება, მაგრამ პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და მთავრობის სხვა წევრებმა განაცხადეს, რომ 2018 წლიდან პენსია ინფლაციის მაჩვენებლის პარალელურად გაიზრდება. „ჩვენ არ ვაპირებთ პენსიების ზრდას 2017 წლის ბიუჯეტით. არაფერი დამალული ამაში არ არის და არც ტყუილების თქმას ვაპირებთ. დღეს ეს არის რეალობა... როდესაც ჩაირთვება ახალი საპენსიო სისტემა, იქნება შესაბამისი ინდექსაციის სისტემა, რომელიც შესაბამისობაში მოიყვანს პენსიას ინფლაციის მაჩვენებლებთან“ - პრემიერის ამ განცხადებამ მოსახლეობასა და საქმიან წრეებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რადგან პენსიების ინდექსაცია ნიშნავს, რომ პენსიები ინფლაციის პარალელურად უნდა გაიზარდოს. სავალუტო ფონდი 2017 წელს საქართველოში 3%-იან ინფლაციას პროგნოზირებს, თუ პენსიების ინდექსაცია ინფლაციასთან გადაწყდება, ამ შემთხვევში 180 ლარიანი პენსია 3%-ით, ანუ 5,4 ლარით გაიზრდება. ეს კი ძალიან მცირეა. 4 პროცენტი იქნება ინფლაციის მაჩვენებელი 2018 წელს და ინდექსაციის შემთხვევაში, პენსიები მიზერული თანხით გაიზრდება. სწორედ ამიტომ, ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე მიიჩნევს, რომ უკეთესი იქნება პენსია საარსებო მინიმუმს მიებას და არა - ინფლაციის მაჩვენებელს.

„ჩემი აზრით, პენსიის ინფლაციაზე მიბმა ბევრს ვერაფერს შეცვლის, რადგან ინფლაციის მაჩვენებელი საქართველოში ძალიან დაბალია. პენსია არ უნდა იყოს საარსებო მინიმუმზე ნაკლები, ეს - აქსიომაა, თუმცა ჩვენთან ეს სისტემა ეფექტიანი ვერ იქნება, რადგან დღეს მოქმედი მეთოდიკით გაანგარიშებული საარსებო მინიმუმი არარეალურია, 160 ლარი - ეს არის მიზერული თანხა, რომელიც ადამიანის ნორმალურ არსებობას ვერ უზრუნველყოფს. ამიტომ, არაერთი ანალიტიკოსი და სტატისტიკოსი მიიჩნევს, რომ საარსებო მინიმუმის ის მაჩვენებელი, რომელიც გვაქვს, რეალობას არ შეესაბამება. პენსიის ინფლაციაზე მიბმა სწორი არ იქნება კიდევ ერთი ფაქტორის გამო: პენსიონერები უფრო მოწყვლად ჯგუფს მიეკუთვნებიან, რადგან უფრო მეტად არიან დამოკიდებული ვალუტის კურსზე, ვიდრე ახალგაზრდები - ისინი პირველ რიგში მედიკამენტებს და იმპორტირებულ პროდუქციას მოიხმარენ. ამიტომ, მათზე ვალუტის კურსის ცვალებადობა უფრო მოქმედებს, ამიტომ, პენსიის მიბმა ინფლაციის მაჩვენებელთან მოსახლეობის ამ ნაწილს ძალიან დააზარალებს. ამავე დროს, თუ სწორად დავითვლით საარსებო მინიმუმს და პენსიებს ამ მაჩვენებელს დავუკავშირებთ, მათ უფრო ღირსეული ცხოვრების საშუალება ექნებათ“, - აღნიშნავს სოსო არჩვაძე.

ამ თვალსაზრისს იზიარებს ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის ხელმძღვანელი - ირაკლი მაკალათიაც.

მისი თქმით, ინფლაცია სერიოზული პრობლემაა, თუმცა ინფლაციის მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში იმდენად დაბალია, რომ თუ პენსიას მის მიხედვით გავზრდით, ეს პენსიონერების მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს.

„არ შეიძლება პენსიების უკონტროლო ზრდაც, რადგან ჩვენი ბიუჯეტი ისედაც მწირია და გაზრდილი საპენსიო ხარჯები მას მძიმე ტვირთად დააწვება. არის მესამე ვარიანტი, რომელზეც მთავრობა და ეკონომისტები მუშაობენ - ეს არის დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა. ეს სისტემა დროულად უნდა შემოვიღოთ, რადგან პენსიონერთა რიცხოვნობა თანდათან მატულობს და მომავალში ეს ხარჯი კიდევ უფრო მძიმედ დააწვება ჩვენს ეკონომიკას და ქვეყნის ბიუჯეტს. თუმცა, დაგროვებით სისტემასაც აქვს თავისი ნაკლი - მისი მთავარი პრობლემა ის არის, რომ საქართველოში დასაქმების დონე ძალიან დაბალია. არადა, მხოლოდ დასაქმებული ადამიანები თუ შეძლებენ ამ სისტემის შექმნას. მიუხედავად ამისა, ამ თემაზე მთავრობაში აქტიურად მუშაობენ. დაგროვებით საპენსიო სისტემას ბევრი ქვეყანა იყენებს, მით უმეტეს საჭიროა მისი არსებობა ჩვენთან“, - აღნიშნავს ირაკლი მაკალათია.

ექსპერტის თქმით, ამ ეტაპზე ჩვენთვის ყველაზე მისაღები შერეული სისტემაა: უნდა შევინარჩუნოთ ის სისტემა, რომლითაც დღეს პენსიას გასცემენ და თანდათან უნდა გადავიდეთ დაგროვებით სისტემაზე, თუმცა მოკლევადიან პერიოდში ამის მიღწევა ძალიან რთული იქნება. ექსპერტის შეფასებით, პენსიის მიბმა საარსებო მინიმუმზე შედეგს ვერ მოიტანს, თუ საარსებო მინიმუმის დაანგარიშების მეთოდიკა არ შეიცვალა.

„დღეს საარსებო მინიმუმი საქართველოში ძალიან დაბალია და ნაკლებია პენსიაზე. სულ სხვა საქმეა, რამდენად არის მზად სახელმწიფო, რომ საარსებო მინიმუმი გაზარდოს, რადგან მას ბევრი სოციალური პაკეტი უნდა მიებას, ამიტომ, სახელმწიფო არ არის მზად, რომ საარსებო მინიმუმი გაიზარდოს. კარგია, თუ საარსებო მინიმუმს ახალი მეთოდოლოგიით იანგარიშებენ და პენსიებს მას მიაბამენ - ამას მეც ვემხრობი, მაგრამ სიტუაციას რეალისტურად თუ შევხედავთ, ამის მიღწევა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც ჩვენი ეკონომიკა გაიზრდება და განვითარდება, ეს კი დროის ამბავია. უეცრად საარსებო მინიმუმი და პენსია 300-400 ლარი რომ გახდეს, ეს ჩვენს ბიუჯეტსაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს და ქვეყნის ეკონომიკასაც“, - აცხადებს ირაკლი მაკალათია.

ხათუნა ჩიგოგიძე