ობამამ და მისმა ოჯახმა პრეზიდენტობის ორ ვადაში მოგზაურობებზე 85 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯეს

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისა და თეთრ სახლში გადასვლის შემდეგ ობამამ და მისმა ოჯახმა მოგზაურობებზე ჯამში 85 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯეს.

ინფორმაციას ამის შესახებ The Daily Mail ავრცელებს. გამოცემის ცნობით, თეთრი სახლიდან გადაბარგებამდე, საშობაო არდადეგებზე აშშ-ის პირველი ოჯახი ჰავაის კუნძულებზე გაემგზავრება.

კონსერვატიული ჯგუფის Judicial Watch-ის განცხადებით, ჰავაიში ობამას 2015 წლის დასვენება 4.8 მილიონი დოლარი დაჯდა. Judicial Watch-მა მანამდე გამოითვალა, რომ  ავიარეისი ვაშინგტონიდან და უკან 3,590,313.60 აშშ დოლარი დაჯდა.

სასტუმროში საიდუმლო სამსახურის აგენტების მოთავსების სანაცვლოდ  1,000,458.63 აშშ დოლარი იქნა გადახდილი.

შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ჩანაწერებით ასევე ირკვევა, რომ 67,964.16 აშშ დოლარი დაიხარჯა სხვადასხვა ავიარეისებზე და მგზავრობებზე.