"ძველ თბილისში 2 ჰა მიწის ნაკვეთის კერძო კომპანიისთვის იჯარით გადაცემის საკითხი დღის წესრიგში არასოდეს დამდგარა"

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე აცხადებს, რომ ორთაჭალაში, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე 2 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთის კერძო კომპანიისთვის იჯარით გადაცემა არ იგეგმება და დღის წესრიგში არც არასოდეს მდგარა. განცხადება ამის შესახებ დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატმა, საკრებულოს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წევრების მიერ გავრცელებული განცხადების კომენტირებისას გააკეთა.

„ვურჩევდი კარგად წაიკითხონ და შეისწავლონ ის წინადადებები და საკითხები, რომლებიც საკრებულოში 1-ელ ნოემბერს განხილული და დამტკიცებულია, მათ შორის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის მიერ. აღვნიშნავ, რომ ამ გადაწყვეტილებას მხარი დღევანდელი ბრიფინგის ერთ-ერთმა ავტორმა სევდია უგრეხელიძემაც დაუჭირა.

განვმარტავ, რომ საუბარია მთლიანობაში 6 კვადრატულ მეტრზე, რომელთაგან თითო-თითო კვ.მ განკუთვნილია დაკიდული ბაღებისთვის და რომლებიც პირდაპირი იჯარით ნამდვილად გადაეცა აღნიშნულ კომპანიას.

2 ჰა მიწის ნაკვეთზე არასდროს ყოფილა იჯარით გადაცემის თხოვნა და მით უფრო ამის განხილვა. მეტსაც გეტყვით, ეს 6 კვადრატული მეტრი მერიამ და საკრებულომ კომპანიას გადასცა ვალდებულებით, განახორციელოს 450 000 ლარის ინვესტიცია და კეთილმოაწყოს აღნიშნული მიწის ნაკვეთი“, - განმარტა გიორგი ტყემალაძემ და აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია თუ რისთვის დასჭირდათ ოპოზიციონერ კოლეგებს დეზინფორმაციის გავრცელება და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა.

განცხადება იმის შესახებ, რომ კერძო კომპანიისთვის ძველი თბილისის ნაწილის იჯარით გადაცემა იგეგმება, საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა გააკეთეს.