2019 წლიდან ბინების ფასი შესაძლოა გაიზარდოს

უძრავ ქონებაზე ფასები 2019 წლიდან შესაძლოა გაიზარდოს. ამის მიზეზი კი სამშენებლო პროცესში დაგეგმილი ცვლილებები იქნება. საუბარია, მშენებლობის ახალი კოდექსზე, რომლის ინიცირებაც პარლამენტში მიმდინარე წლის ნოემბერში მოხდა და რომლის ავტორიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა.

კოდექსი ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება - სივრცითი და დაგეგმარების ნაწილი და სამშენებლო ნაწილი. ორივე ამ ნაწილში არაერთი ცვლილებაა დაგეგმილი. თუმცა, მნიშვნელოვანი ცვლილებები, რაც უძრავი ქონების ღირებულებაზეც აისახება, სამშენებლო ნაწილში შედის.

კოდექსი ითვალისწინებს უფრო მკაცრ რეგულირებას - ხარისხისა და სამშენებლო უსაფრთხოების კუთხით, რომელიც მშენებლობის პროცესს, დაპროექტებასა და სამშენებლო მასალებს შეეხება; სამშენებლო მასალების სერტიფიცირებას. მასალების ნუსხას კი რომელსაც სერტიფიცირება შეეხება, მთავრობა დაადგენს; სახანძრო უსაფრთხოების დაცვას; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის შენობა-ნაგებობების გამოყენების შესაძლებლობისა და ხმაურისაგან დაცვის უზრუნველყოფას; შენობა-ნაგებობების ენერგოეფექტურობას და ა.შ.

ცვლილებათა პაკეტს თან ახლავს ზემოქმედების დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც რეგულაციების გამკაცრება პირდაპირ გავლენას მოახდენს სამშენებლო პროცესის ღირებულებაზე.

კერძოდ, უხეში გათვლებით სამშენებლო ხარჯები 2019 წლიდან გაიზრდება, რაც საცხოვრებელი ფართების ფასზეც აისახება.

„ზოგიერთმა ცვლილებამ შესაძლოა სამშენებლო მასალის ფასების ზრდა გამოიწვიოს. უხეში გათვლებით, რაც ჩვენთვის ხელმისაწვდომ მწირე ინფორმაციას ეფუძნება, 2019 წლიდან როცა სამშენებლო მასალებთან დაკაშირებული ყველა დებულება ამოქმედდება, შესაძლოა ფასების ჯამური ზრდა 5%-დან 20%-მდე მერყეობდეს. მასალებზე ფასების ზრდა სრულად აისახება საცხოვრებელი ფართების ფასზეც. თუმცა, შესაძლოა ეს ზრდა მომხმარებელს მთლინად არ დააწვეს და დეველოპერებმა ნაწილობრივ დააფინანსონ,“ -ნათქვამია ზემოქმედების დოკუმენტში.