სურამში ბანას მონასტრის მსგავსი კომპლექსის აშენება იგეგმება

სურამში ბანას მონასტრის მსგავსი, წრიული ფორმის კომპლექსი აშენება იგეგმება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს საპატრიარქოში, პროექტის ავტორები და არქიტექტორები უწმინდესს შეხვდნენ.

როგორც მეუფე სვიმეონმა პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ტაძრის საძირკვლის კურთხევა მომავალი წლის აპრილში მოხდება, რაც ილია მეორის დაბადებიდან 85 წლის და აღსაყდრებიდან 40 წლისთავს მიეძღვნება.

მისივე განმარტებით, საძირკვლის ჩაყრამდე მონასტრის მაკეტი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ხელოვნებათმცოდნეებსა და სტუდენტებს წარედგინებათ, რათა მომავალმა თაობამ აღნიშნული მონასტრის შესახებ იცოდეს.

”ზუსტი ასლის აღდგენა ნანგრევებიდან შეუძლებელია. ეს არის მიმსგავსებული. მსგავსი შემთხვევები ყოფილა საქართველოს ისტორიაში. არის, მაგალითად, ატენის ტაძარი განმეორებული, როგორც დღევანდელი ჯვრის ტაძარი და არის ბევრი შემთხვევა. ეს მიზნად ისახავს არა მხოლოდ მის არქიტექტურულ განმეორებას, არამედ მის ძირითად მნიშვნელობას როგორც სასულიერო, ისე საგანმანათლებლო კუთხით. ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად შევუნარჩუნოთ ის ისტორიული მნიშვნელობა, რომელიც ბანას გააჩნია. საწინააღმდეგო აზრები შეიძლება ყველას გაუჩნდეს, რატომ მაინცდამაინც ბანა, მაგრამ მას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნის განვითარებისთვის და მიზნად ისახავს საგანმანათლებლო მნიშვნელობას. ეს იქნება სივრცე, სადაც ნებისმიერ ადამიანს ექნება საშუალება შეხვედრები მოაწყოს. ეს იქნება თავშეყრის ადგილი კეთილი იდეებისთვის. იქ იქნება კათარზისი, საკონფერენციო დარბაზი, ხატწერის თვისებების აღდგენა და ა.შ.”, - განაცხადა მეუფე სვიმეონმა.

მისივე თქმით, ბანას ტაძრის მშენებლობა ემსახურება იმას, რომ „ეს ტაძარი ქვეყანას, ერს აერთიანებს“.

”სურამისა და ხაშურის ეპარქია არის გეოგრაფიულად დღევანდელი საქართველოს ცენტრი და მთელი საქართველოდან ყველას ექნება საშუალება მოვიდეს იქ. იმედს გამოვთქვამთ, რომ ბანა გაგვაერთიანებს, ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ თავისი წილი აგური დადოს ბანას მშენებლობისთვის და თავის მომავალ თაობას გადასცენ, რომ მას აქვს თავისი წილი აგური დადებული ამ მონასტრის მშენებლობაზე”, - აღნიშნა მეუფემ.

თავის მხრივ, მონასტრის პროექტის პრეზენტაციის დასასრულს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომ მას კითხვა გაუჩნდა, თუ რამდენად მიზანშეწონილია ბანას მონასტრის გამეორება, ვინაიდან შედევრი უნდა არსებობდეს ერთი.

უწმინდესის თქმით, სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის დაწყებამდე 150 პროექტი იყო წარდგენილი, მათ შორის, ერთ-ერთი ბანას მონასტერი, თუმცა ამაზე მაშინ უარი ითქვა.

”მე მინდა განიხილოთ ამ კუთხით. არქიტექტორებმა, ხელოვნებათმცოდნეებმა უნდა გამოთქვან მოსაზრება, მიზანშეწონილია თუ არა, რომ ეს განმეორდეს. ბანა არის უდიდესი არქიტექტურული ძეგლი და სალოცავი, მაგრამ შეიძლება მისი განმეორება? ან სადმე არის მსგავსი მაგალითი?,” - მიმართა უწმინდესმა პროექტის ავტორებს, რაზეც არქიტექტორებმა უპასუხეს, რომ მსგავსი მაგალითები არსებობს, თუმცა სურამში აშენებული კომპლექსი იქნება ბანას მსგავსი, მაგრამ არა ზუსტი ანალოგი.

”მადლობელი ვარ ამდენი შრომისთვის, კარგი წამოწყებაა თავისთავად, მაგრამ მივცეთ სხვებს საშუალება, გამოთქვან თავისი აზრი”, - აღნიშნა პატრიარქმა.

აღსანიშნავია, რომ მონასტრის ასაშენებლად ფონდი „ბანა“ შეიქმნება. როგორც ჟურნალისტებს ”კულტურის პალატის” აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ოქიტაშვილმა განუცხადა, თანხების მობილიზებაში პროექტის ავტორებს „კულტურის პალატა“ დაეხმარება, რომელიც სხვადასხვა ღონისძიებას გამართავს.

„პატრიარქის პოზიციიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოხდეს მშენებლობის პროექტის გაცნობა ფართო მასებისთვის. მთავარია, რომ ჩვენ უწმინდესმა მოგვცა ლოცვა-კურთხევა. მე ვფიქრობ, რომ მეცნიერებათა აკადემიაში მოხდება ბანას ეკლესიის მაკეტის გამოფენა და ყველას ექნება საშუალება თავისი აზრი დააფიქსიროს. რაც შეეხება კულტურის პალატას, ის ჩართულია ამ ყველაფერში იმ ფორმით, რომ საზოგადოებასთან უფრო ახლოს მიიტანოს ამ მეტად მნიშვნელოვანი ტაძრის მშენებლობა და ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ ჩატარდეს აქციები, ღონისძიებები, რასაც გავმართავთ და შემოსული თანხა მოხმარდება ბანას მშენებლობას. მონასტერი აშენდება შემოწირულობით. იქმნება ფონდი ”ბანა” სპეციალურად ამისთვის”, - აღნიშნა ”კულტურის პალატის” აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ოქიტაშვილმა.

ბანას წრიული ფორმის მონასტერი ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.