არჩილ თალაკვაძე - ჩვენ მხარს ვუჭერთ ბიუჯეტის ამ კონფიგურაციას

ჩვენ მხარს ვუჭერთ ბიუჯეტის ამ კონფიგურაციას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დაწყებამდე განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, დანარჩენი უკვე განხილვის დროს გახდება ცნობილი.

„2017 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი უპირატესობა არის ის, რომ ეკონომიკურად აქტიურ ნაწილებში იზრდება დაფინანსება, თანაც იმ ფონზე, როცა სოციალური და ჯანდაცვის ვალდებულებები ნარჩუნდება და კიდევ უფრო ძლიერდება. მცირდება ადმინისტრაციული ხარჯები და ამ ყველაფერს თან ერთვის ის ეკონომიკური და ფისკალური რეფორმები, რომლებიც თანხვედრაშია პრემიერ-მინისტრის და მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმებთან. ჩვენ მხარს ვუჭერთ ბიუჯეტის ამ კონფიგურაციას“, - განაცხადა თალაკვაძემ.

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 11 457,2 მლნ ლარით განისაზღვრა. სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 11 415.5 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა, მათ შორის: - საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 10 338.3 მლნ ლარს, გრანტები - 154.5 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები - 922.7 მლნ ლარს. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობა 9 121.2 მლნ ლარს შეადგენს.