ავტომობილების იმპორტიორები და დილერები დღეს ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას გამართავენ

დიღომში, ოლიმპიური სტადიონების ავტოსადგომთან, დღეს ავტომოყვარულები, ავტომობილების იმპორტიორები, დილერები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქები ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას გამართავენ.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ისინი აპროტესტებენ აქციზის გაძვირებას საწვავზე, ასევე მარჯვენასაჭიანი ავტომობილების განბაჟების გასამმაგებას.

”ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური პირობების ფონზე, ეს გამოიწვევს მოსახლეობის მეტად გაღარიბებას და სამუშაო ადგილების დაკარგვას ავტოიმპორტიორებში.

აქციის მონაწილეები 15:00 საათზე მოაწყობენ მსვლელობას და გაემართებიან საქართველოს პარლამენტის მიმართულებით. თბილისში პარლამენტის შენობის წინ კი მოეწყობა საპროტესტო აქცია-პერფორმანსი.

დედაქალაქის პარალელურად აქცია ჩატარდება ქუთაისში - პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და ზუგდიდის ცენტრშიც”, - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.