საქართველოში ირანიდან უხარისხო, იაფფასიანი დიზელი შემოაქვთ?

საქართველოში ირანიდან ძალიან დაბალი ხარისხის დიზელის შემოტანა და რეალიზება დაიწყო. ამის შესახებ, „ეკო ტრანსპორტ ცენტრის“ ხელმძღვანელმა ვასილ ურუშაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საწვავსა და საავტომობილო ზეთებზე აქციზის გადასახადის გაზრდის შედეგებზე საუბრისას, განაცხადა.

მისივე თქმით, ფასების ზრდა მომხმარებელს ყოველთვის აიძულებს შეიძინოს უფრო იაფფასიანი საწვავი, რამაც განაპირობა მოთხოვნა დაბალი ხარისხის დიზელზე.

როგორც ურუშაძემ აღნიშნა, აქციზის ზრდა, საწვავსა და საპოხ მასალებზე ფასების ზრდას გამოიწვევს. შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ საქართველოში უხარისხო საწვავისა და საპოხი მასალების რეალიზება-მოხმარება მოიმატებს.

„ჯერჯერობით ეს ინფორმაცია არსად გაჟღერებულა და არც დაზუსტებულია, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოში ირანიდან ძალიან დაბალი ხარისხის დიზელის შემოტანა დაიწყო. მეტიც, უკვე არის შემთხვევები აჭარის ტერიტორიაზე, სადაც ბენზინგასამართი სადგურები იხსნება და ასეთი დაბალი ხარისხის საწვავის - დიზელის რეალიზება ხდება. დაბალი ხარისხის ირანული დიზელი საქართველოში თურქეთიდან ავტომობილებით შემოაქვთ და მისი ფასი, ისევე როგორც ხარისხი, ძალიან დაბალია,“-აღნიშნა ურუშაძემ.

საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, 2017 წლის 1 იანვრიდან ნავთობპროდუქტზე და ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავად გამოყენებულ ბუნებრივ აირზე, აქციზის განაკვეთები გაიზრდება. კერძოდ: 1 ტონა ბენზინზე აქციზის განაკვეთი იზრდება 250 ლარიდან 500 ლარამდე, 1 ტონა დიზელზე - 150 ლარიდან 400 ლარამდე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავად გამოყენებულ 1000 მ3 ბუნებრივ აირზე 80-დან 200 ლარამდე, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ზეთებზე 400-დან 800 ლარამდე.

თაია არდოტელი