სამების ტაძრის მცირე სანერგე მეურნეობაში სოციალური საწარმო ”კავკასიური სოჭის სანერგე" დაფუძნდა

წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მცირე სანერგე მეურნეობაში სოციალური საწარმო ”კავკასიური სოჭის სანერგე" დაფუძნდა. როგორც  სამინისტროდან იუწყებიან, პროექტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით არასამთავრობო ორგანიზაციამ "გრინ ლაიფი" განახორციელა.

”პროექტი ხელს შეუწყობს კავკასიური სოჭის მეურნეობის საქართველოში განვითარებას, მის პოპულარიზაციას. სოციალურ საწარმოში ჩართულმა ახალგაზრდებმა გაიარეს ტრენინგები გარემოს დაცვისა და კონკრეტულად, ნერგების მოვლის საკითხებში.

ერთ-ერთი ბენეფიციარი კი - სოციალურად დაუცველი ახალგაზრდა - უშუალოდ დასაქმდა პროექტის ფარგლებში. პროექტის მიზანია, სოჭის ნერგებთან ერთად შობა-ახალი წლის შეხვედრისა და „ცოცხალ ნერგთან“ ურთიერთობის ტრადიციისთვის საფუძველის ჩაყრა. ამ იდეის მოსახლეობაში პოპულარიზების შემთხვევაში, საშობაოდ აღარ მოიჭრება ხეები და ყველას ექნება შესაძლებლობა ცოცხალ ნერგთან ერთად შეხვდნენ შობა-ახალ წელს”, - აცხადებენ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროში.

პროექტის მონაწილეები უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დალოცა, ხოლო პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი ირაკლი ჟორჟოლიანი.