საქართველო იმ ქვეყნებს შორის დასახელდა, რომლებმაც საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით პროგრესი განიცადეს

საქართველო იმ ქვეყნებს შორის დასახელდა, რომლებმაც საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით პროგრესი განიცადეს.

როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იუწყება, აღნიშნული სტატია საყოველთაო ჯანდაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საერთაშორისო ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნდა.

მათივე ინფორმაციით, „ჯანმრთელობა ყველასთვის“ - საყოველთაო ჯანდაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიოში წელს ამ სლოგანით აღინიშნება. ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებს ქვეყნები გლობალურ დონეზე განიხილავენ და პროგრამის განვითარებაზე მსჯელობენ. სხვადასხვა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა საერთაშორისო სამედიცინო ჟურნალმა „ლანცეტმა“ განიხილა და საქართველოს მიღწევებიც შეაფასა.

„ბოლო 3 წლის განმავლობაში მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით, მაგალითად საქართველომ, რომელიც წარმატებით ჩაერთო ჯანდაცვის საყოველთაო დაფინანსების სისტემაში“,- აღნიშნულია გამოცემაში.

საქართველოსგან განსხვავებული შეფასებები მიიღო სხვა ქვეყნებმა. იმ სახელმწიფოებს შორის, რომელიც არასათანადოდ აფინანსებს ჯანდაცვის სერვისებს, დიდი ბრიტანეთი დასახელდა. ბრიტანეთში ჯანდაცვაზე დანახარჯები ერთ სულ მოსახლეზე გაცილებით დაბალია, ვიდრე გერმანიაში, ირლანდიაში, ავსტრალიასა და შვედეთში. სტატიაში ერთ-ერთ ყველაზე დაბალაქტიურ ქვეყნად ინდოეთია განხილული, რომელმაც ჯანდაცვის სერვისების დაფინანსება საგრძნობლად შეამცირა.

„მიმდინარე წლის სექტემბერში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, მარგარეტ ჩანმა საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით სერთაშორისო პარტნიორობის დაარსების შესახებ გააკეთა განცხადება. საერთაშორისო პარტნიორობის მიზანია, ძალების მობილიზაცია ჯანდაცვის სისტემების, საყოველთაო ჯანდაცვის გაძლიერებისა და ფინანსური რისკებისგან დაცვისათვის. 12-13 დეკემბერს, ჟენევაში ქვეყნები გლობალური ჯანმრთელობის სისტემის პლატფორმის დაარსების მიზნით, პარტნიორობის შესაქმნელად შეიკრიბებიან. საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით, 2017 - საკვანძო წელი იქნება, რომელიც სიტყვებს საქმედ აქცევს და მოგვცემს გარანტიას, რომ მთავრობები თავიანთ გეგმებსა და დაპირებებს შეასრულებენ“, - აღნიშნულია ჟურნალ „ლანცეტის“ სტატიაში.

სამინისტროს ცნობით, პუბლიკაციაში ასევე საუბარია საყოველთაო ჯანდაცვის მნიშნელობაზეც.

„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის განმარტებით, საყოვლთაო ჯანდაცვა ნიშნავს ყველა ადამიანის შესაძლებლობას, ფინანსური სირთულეების გარეშე მიიღოს მისთვის აუცილებელი სამედიცინო სერვისი. საყოველთაო ჯანდაცვა 2015 წელს გაერო-ს მდგრადი განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად დასახელდა, რომლის მიზანს, ადამიანისთვის ნებისმიერ ასაკში ჯანსაღი ცხოვრების უზრუნველყოფა წარმოადგენს“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.