საქართველომ აზიის განვითარების ბანკიდან 98,7 მილიონი აშშ დოლარი მიიღო

აზიის განვითარების ბანკიდან საქართველომ ბიუჯეტის მხარდამჭერი დაფინანსება მიიღო, - ამის შესახებ  ფინანსთა სამინისტროდან იუწყებიან. სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ხელმოწერილი ბიუჯეტის მხარდამჭერი სასესხო ხელშეკრულებების რატიფიცირების შემდეგ, დღეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხაზინის სავალუტო ანგარიშზე ჩაირიცხა აზიის განვითარების ბანკისგან მისაღები დაფინანსება 98,7 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, სახაზინო სამსახურის უფროსმა, ცოტნე ყავლაშვილმა აღნიშნა, 13 დეკემბერს, კონვერტაციის პროცედურის შემდეგ, შესაბამისი თანხა, რაც დაახლოებით, 255 მილიონი ლარია, მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში.

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის (ADB) ბიუჯეტის მხარდამჭერ სასესხო ხელშეკრულებებს მიმდინარე წლის პირველ სექტემბერს მოეწერა ხელი.