თბილისსა და მის შემოგარენში სანიტარული ჭრები გრძელდება

დედაქალაქის მერის დავალებით, თბილისსა და მის შემოგარენში სანიტარული ჭრის ღონისძიებები გრძელდება. როგორც თბილისის მერიიდან იუწყებიან, დღეს თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურმა კონტრაქტორ კომპანიასთან, შპს „უნივერსალ მენეჯმენტთან“ ერთად სანიტარული ჭრები კერძო ტერიტორიაზე განახორციელა.

მერიის ინფორმაციით, შპს „ლისი დეველოპმენტის“ თანხმობით, მისსავე ტერიტორიაზე, ლისის ტბის მიმდებარედ, 200-მდე გამხმარი და დაავადებული ხე მოიჭრა. სამუშაოები სპეციალისტებისა და თბილისის ბოტანიკური ბაღის რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება და გრძელვადიან შედეგებზეა გათვლილი - აღნიშნული ღონისძიებები მნიშვნელოვნად შეზღუდავს დედაქალაქის მასშტაბით მცენარეთა მავნებელი დაავადებების გავრცელებას, მცენარეული საფარის ხმობას.

მათივე ცნობით, მიმდინარე წელს, ჯამში, 55 ათასი ძირი დაზიანებული ხე-მცენარე მოინიშნა, საიდანაც 40 ათასზე მეტი უკვე მოიჭრა.

„2013-2015 წლებში, ქართველი და უცხოელი ექსპერტების კვლევებზე დაყრდნობით, თბილისსა და მის შემოგარენში ფიჭვების კვლევისას შემდეგი მავნებლები დაფიქსირდა: ქერქიჭამიები, ლაფნიჭამიები და ხარაბუზები, აგრეთვე დაავადებების გამომწვევი სოკოები, რომელთაც დააჩქარეს დასუსტებული ხეების ხმობის პროცესი. 2015 წელს თბილისის მერიის მიერ განხორციელდა დედაქალაქში არსებული ფიჭვნარების დეტალური კვლევა და ფიტოსანიტარიული მდგომარეობის შეფასება, რომლის გათვალისწინებითაც რეაგირების ღონისძიებების გეგმა იქნა შემუშავებული“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თბილისის მერის დავალების შესაბამისად, ჯანსაღი მცენარეების დაავადების თავიდან აცილების მიზნით, სანიტარული ჭრები მომავალშიც გაგრძელდება.