აშშ-ში მოდის კვირეულზე საქართველოს სახელით ატელიე ”სამოსი’’ წარსდგა

ამერიკის შეერთებულ შტატების შტატ მისურიში გამართულ “კანზას სითი ფეშენ ვიქზე’’,

სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ათეულობით ცნობილმა დიზაინერმა საკუთარი კოლექცია მსოფლიო მოდის ინდუსტრიას წარუდგინა, საქართველოს სახელით მონაწილეობა მიიღო ატელიე ,,სამოსმა’’.

როგორც საქართველოს კულტურის პალატიდან იუწყებიან, აღნიშნულ მოდის კვირეულზე 2016 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია ატელიე ,,სამოსმა“ დიზაინერ ნინო პატარქალაშვილის ხელმძღვანელობით წარადგინა.

”კოლექცია დატვირთული იყო ქართული დეტალებითა და აქსესუარებით, სადაც მკვეთრად გამოხატული იყო საქართველოს უძველესი ისტორია და კულტურა, ამავდროულად ერთვოდა დახვეწილი და მოდური შტრიხები. კოლექციამ, განსაკუთრებით გათანამედროვებულმა ჩოხებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

ატელიე ემსახურება საქართველოს მასშტაბით ქართულ და უცხოურ კომპანიებსა და მონაწილეობას მასშტაბური ფესტივალების გახნა-დახურვის ცერემონიალში.

2017 წელს ,,სამოსი’’ მომხმარებლებს განახლებულ კოლექციას, არაერთ სიახლეს და ექსკლუზივს ჰპირდება”, - განმარტავენ საქართველოს კულტურის პალატაში.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ მოდის კვირეულზე ატელიემ მონაწილეობა პირველად მიიღო.

კომპანია ”ატელიე სამოსი’’ 2013 წელს დაფუძნდა. მისი მრავალპროფილიანი საქმიანობის სფერო მოიცავს: ექსკლუზიური ტანისამოსის, ფეხსაცმლის და აქსესუარების დამზადებას, როგორც ქალბატონებისათვის და მამაკაცებისათვის, აგრეთვე ბავშვებისათვის. ატელიეს საქმიანობა ასევე მოიცავს ბრენდირებული უნიფორმების კერვას, სარეკლამო აქსესუარების შექმნას, მასშტაბური ფესტივალებისა და საღამოების გახსნა-დახურვის ორგანიზებასა და გაფორმებას, ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინის შექმნას.

საქართველოს კულტურის პალატის ინფორმაციით, გახსნის დღიდან ატელიე ”სამოსმა” შემოსა არაერთი ბრენდი, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.