"რიკოთის მონაკვეთზე გზამ ორმოების რაოდენობით მალე შეიძლება შევარდნაძის პერიოდის რეკორდი მოხსნას"

რიკოთის მონაკვეთზე გზამ, ორმოების რაოდენობით, მალე ისევე შეიძლება მოხსნას შევარდნაძის პერიოდის რეკორდი, როგორც ლარმა მოხსნა შევარდნაძის პერიოდის გაუფასურების რეკორდი , - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რიკოთის მონაკვეთზე გზა კატასტროფულ მდგომარეობაშია, ხოლო ხელისუფლებას არ შეუძლია გრანდიოზული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.

”ამ გზამ ორმოების რაოდენობით მალე ისევე შეიძლება მოხსნას შევარდნაძის პერიოდის რეკორდი, როგორც ლარმა მოხსნა შევარდნაძის პერიოდის გაუფასურების რეკორდი.

ნუ მეტყვით, რომ ზამთარში გზას ვერ შეაკეთებთ, რადგან ამ გზაზე ზაფხულში უნდა გეზრუნათ ისევე, როგორც 3 წლის წინ უნდა დაგეწყოთ ზრუნვა ლარზე და ეკონომიკაზე, როდესაც ლარმა გაუფასურება დაიწყო, ხოლო ეკონომიკამ შენელება.

უმოქმედობა, მოსალოდნელი შედეგების ვერგააზრება, პრობლემების უგულებელყოფა თქვენი ხელისუფლების მთავარი მახასიათებელია და ეს ეტყობა ლარის კურსსაც, სურსათის და მედიკამენტების ფასსაც, მოქალაქეების ჯიბესაც და უკვე რიკოთის გზასაც, რომლის დღევანდელი მდგომარეობა სიმბოლოა ჩვენი ქვეყნის უკუსვლის.

როგორ უნდა დავიჯერო, რომ თქვენ გრანდიოზული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების უნარი შეგწევთ, როცა რაც დავტოვეთ, იმასაც ვერ ინარჩუნებთ და ამის ყველაზე ნათელი მაგალითია ლარის კურსი. მოხვედით ხელისუფლებაში და ერთი დოლარი ღირდა 1,66 ლარი, დღეს, როდესაც ხალხის კიდევ უფრო გაღარიბების ბიუჯეტს უნდა მისცეთ ხმა, ლარის კურსი არის 2,66”, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.