რომან გოცირიძე - ქვეყანა კრიზისულ ვითარებაში შედის

ჩვენ ამ დღეებში ვხედავთ, რომ ქვეყანა კრიზისულ ვითარებაში შედის, - ამის შესახებ ერთიანი ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც ლარი ”ასე კატასტროფულად უფასურდება, ხელისუფლებას გაუჭირდება შეაჩეროს გაზზე, ელექტოენერგიაზე და ა.შ. ფასების მატება”.

„ჩვენ ამ დღეებში ვხედავთ, რომ ქვეყანა კრიზისულ ვითარებაში შედის. მთავრობა ძალიან ზედაპირულად უყურებს იმ მოვლენებს, რომელიც ლარის კურსთან დაკავშირებით ხდება და მათი განცხადებები საგანგაშოა.

ის, რომ ლარის გაუფასურების შემდეგ ქვეყანაში ფასების ზრდა იქნება, ამას ყველა აღიარებს, მაგრამ არის მეორე საკითხი, რომელიც მთავრობის მხრიდან აბსოლუტურად გულუბრყვილოდაა აღქმული. ისინი ხალხს პირდებიან, რომ არ გაიზრდება ის ტარიფები, რომელიც სახელმწიფოს მიერ რეგულირდება. ესაა წყალი, გაზი, მეტროპოლიტენი და ა.შ. ამას ასაბუთებენ იმით, რომ მარეგულირებელში შეტანილი განცხადებით ტარიფის ცვლილება არ იგეგმება. მაგრამ მაშინ ლარის კურსი სხვა იყო. ეს კი ნიშნავს, რომ ამ ტარიფების დეგრადაცია მოხდება. ისინი მუშაობენ თვითღირებულების ზღვარზე. მაინტერესებს, რა პასუხს იძლევიან შესაბამისი სამინისტროები, როგორ შეაჩერებენ ფასების ზრდას ლარის ასეთი გაუფასურების პირობებში”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

აღნიშნულ კომენტარს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს.