ზურაბ ჭიაბერაშვილი ხელისუფლებას - რა მოხდა სექტემბრიდან დეკემბრამდე ისეთი, რაც თქვენ გაძლევთ საშუალებას, მეტი დახარჯოთ?!

გაზრდილი გადასახადები, რასაც თქვენ ახლა აკეთებთ, ნიშნავს იმას, რომ მოკლათ ის საგადასახადო ბაზა, საიდანაც შემოსავალს ელოდებით, - ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას. ზურაბ ჭიაბერაშვილმა მმართველ გუნდს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი დაუწუნა. „განსხვავება იმ ორ ბიუჯეტს შორის, რომელიც პარლამენტში სექტემბერსა და დეკემბერში შემოვიდა, ხარჯვით ნაწილშია და ის 860 მილიონს შეადგენს. რა მოხდა სექტემბრიდან დეკემბრამდე ისეთი, რაც თქვენ გაძლევთ საშუალებას, მეტი დახარჯოთ?! ამ პერიოდში ეკონომიკური ზრდა შემცირდა, ლარი კატასტროფულ მდგომარეობაშია და თქვენ ამხელა სხვაობას აკეთებთ. ეს იქნება ძალიან სავალალო შედეგების მომტანი. რა შეიძლებოდა გაგეკეთებინათ?! - შეგეძლოთ ხარჯები არ გაგეზარდათ, იმპორტსა და აქციზზე გადასახადი არ გაგეზარდათ“, - აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

აღნიშნულ განცხადებას, „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.