თბილისის რესტორნებში ახალი წლის შეხვედრა საშუალოდ 150-დან 270 ლარამდე დაგიჯდებათ

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, მომხმარებელთა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად თბილისში არსებული რესტორნები განსაკუთრებულად ემზადებიან.

თბილისის რესტორნებში საახალწლოდ ადგილების 50%-ზე მეტი უკვე დაჯავშნილია.

„ბიზნესპრესნიუსის“ მიერ გამოკითხულ რესტორნებს სადღესასწაულო პროგრამები უკვე შერჩეული აქვთ. მათივე თქმით, ჯავშნების მიღება დაახლოებით ნოემბრიდან დაიწყეს.

როგორც რესტორან „ავალონის“ პიარმენეჯერი მარიამ ღუღუნიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, საახალწლოდ ბილეთების დიდი ნაწილი უკვე გაყიდულია. „ავალონში“ ახალი წლის აღნიშვნა ერთ ადამიანზე 180-დან 250 ლარამდე ჯდება. მისივე თქმით, ღირებულება მაგიდების განლაგების მიხედვით იცვლება და ყველაზე მაღალი ფასი - 250 ლარი, სცენასთან ახლოს მდგომ მაგიდებზეა. ფასში საახალწლო პროგრამა და მენიუ შედის.

რაც შეეხება მენიუსა და შოუ-პროგრამას, 11-საათზე დაიწყება და სტუმრების განწყობაზე მერაბ სეფაშვილი; თემო რცხილაძე; გოგა მესხი და ელა დელვახი იზრუნებენ. გარდა ამისა, სტუმრებს ქართული ცეკვების; რიოს კარნავალის შოუსა და ბოშების შოუს ნახვაც შეეძლებათ.

ადგილების უმეტესობა, დაახლოებით, 60% უკვე დაჯავშნილია რესტორან „კრუიზშიც“, სადაც 31 დეკემბრის ღამეს 1 ადამიანი 270 ლარი ჯდება. თანხაში შედის საახალწლო მენიუ, პროგრამა, ულიმიტო სასმელი.

როგორც ადმინისტრაციაში გვითხრეს, სტუმრებს რესტორნის ორ დარბაზში სხვადასხვა პროგრამას სთავაზობენ. ერთი დარბაზი მხოლოდ სომხეთიდან ჩამოსული სტუმრებისთვის იქნება გათვალისწინებული (მუსიკალური პროგრამა, ენა და ა.შ.), რადგან რესტორნის მენეჯერის თქმით, ახალ წელს სომხეთიდან ბევრი სტუმარი ჰყავთ ხოლმე. მეორე დარბაზი კი ადგილობრივ სტუმრებზე იქნება მორგებული.

რაც შეეხება საახალწლო პროგრამას 11 საათზე დაიწყება და სტუმრების განწყობაზე - ნიაზ დიასამიძე და 33ა; ნოდიკო ტატიშვილი; ელა დელვახი იზრუნებენ. პროგრამა ასევე ითვალისწინებს, ქართულ და ლათინოამერიკულ ცეკვებს; სხვადასხვა კონკურსებსა და გათამაშებებს, ფოიერვერკს და ა.შ.

დაახლოებით 1-2 კვირის წინ დაიწყეს ჯავშნების მიღება რესტორან „ბარაკონშიც“. როგორც რესტორნის ადმინისტრაციაში „ბიზნესპრესნიუსს“ უთხრეს, ბილეთის მინიმალური ღირებულება 150 ლარია. მათივე ცნობით, წელს სტუმრებს სხვადასხვა ქვეყნებიდან ელოდებიან.

რაც შეეხება, საახალწლო პროგრამას, სტუმრების განწყობაზე ბესო ნემსაძე; ვანო ტურაბელიძე; თედო ქორიძე; თაკო ანანიკიანი; ვიტალი სიფრაშვილი; DJ KOBA; შოუბალეტი ვერნისაჟი და ნაციონალური ცეკვების ანსამბლი იზრუნებენ.

რესტორან “რივერსაიდ ბაბილოში“ კი, სადაც ახალი წლის აღნიშვნა 1 ადამიანზე 250 ლარი ღირს, საახალწლო შოუ-პროგრამა 23:30 საათიდან იწყება. ბილეთის ღირებულებაში შოუ-პროგრამასთან ერთად საახალწლო მენიუც შედის. სტუმრების განწყობაზე თამუნა მიქელაძე, გიორგი წიკლაური, ავთო წიკლაური, გიორგი ღვინიაშვილი, სალომე მირიანაშვილი, სოფო სიმონიშვილი, ლათინო-ამერიკული ცეკვის მოცეკვავეები (კორიფეები) - ვერიკო და გიორგი და ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლი იზრუნებს.