აშშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივნის პოსტზე რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად წარადგინა ნავთობკორპორაცია ExxonMobil-ის აღმასრულებელი დირექტორი რექს ტილერსონი.
ამერიკელი მილიონერი ერთადერთი არ არის, ვინც ტრამპის მილიონერთა და მილიარდერთა კაბინეტს შეუერთდა, სადაც ასევე არიან მილიარდერი ინვესტორი უილბარ როსი და რესტორნების ქსელის CKE-ის აღმასრულებელი დირექტორი ენდრიუ პაზდერი.
„სახელმწიფო მდივნის პოსტზე მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ბიზნესლიდერი რექს ტილერსონი შევარჩიე“, - დაწერა 13 დეკემბერს ტრამპმა „ტვიტერზე“.
ამერიკელი მილიარდერი რექს ტილერსონი 1952 წლის 23 მარტს ტეხასის შტატის ქალაქ უიჩიტო-ფოლსში დაიბადა. ბაკალავრის ხარისხი სამოქალაქო მშენებლობის დარგში ოსტინის უნივერსიტეტში მიიღო. ტილერსონმა Exxon Company-ში ინჟინრად მუშაობა 1975 წელს დაიწყო და დღემდე კომპანიის გარდა, სხვაგან არ უმუშავია.
1998 წლის იანვარში რექს ტილერსონმა კომპანია Exxon Ventures (CIS) Inc.-ის ვიცე-პრეზიდენტისა და კომპანია Exxon Neftegas Limited-ის პრეზიდენტის პოსტი დაიკავა, სადაც პასუხისმგებელი იყო Exxon-ის პროექტებზე რუსეთში და კასპიის ზღვის რეგიონში, ასევე რუსეთში „სახალინი-1“ პროექტზე.
64 წლის ტილერსონი „ექსონის“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე 2006 წლიდანაა და „ფორბსის“ მონაცემებით, კომპანიის 2,6 მილიონი აქციის მფლობელია, რაც 240 მილიონ დოლარს უდრის. „ნიუ იორკ თაიმსის“ მონაცემებით, მარტო მიმდინარე წელს ტილერსონმა 24,3 მილიონი დოლარი იშოვა, მისი ქონება კი ჯამში 150 მილიონ დოლარს შეადგენს. აშშ-ის 200 ყველაზე მაღალანაზღაურებად აღმასრულებელ დირექტორს შორის ტილერსონი 29-ე პოზიციაზეა.
კომპანია ExxonMobil, რომლის შტაბ-ბინა ტეხასის შტატშია განთავსებული, მსოფლიოში უმსხვილესი კერძო ნავთობკომპანია და კაპიტალიზაციის ზომით ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაციაა.
რუსეთში კომპანია მონაწილეობს სახალინი-1“-ის პროექტში (30% - ExxonMobil, 30%- იაპონური Sodeco, 20% - „როსნეფტი“, 20% - ინდური ONGC), რომლის ფარგლებშიც სახალინის შელფზე ხდება ნავთობისა და გაზის საბადოების „ჩაივო“, „ოდოპტუ“ და „არკუტუნ-დაგის“ განვითარება.
რექს ტილერსონი არაერთხელ შეხვედრია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, რომელთანაც გავრცელებული ინფორმაციით, საკმაოდ კარგი ურთიერთობები აქვს. კერძოდ, 2003 წელს რექს ტილერსონი მონაწილეობდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამართულ შეხვედრაში რუსეთისა და უცხოური ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელებთან.
2005 წლის სექტემბერს ვლადიმერ პუტინი და რექს ტილერსონი ერთმანეთს ვაშინგტონში შეხვდნენ, სადაც პუტინი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. 2012 წლის ივნისს რექს ტილერსონმა და „როსნეფტის“ ხელმძღვანელმა იგორ სეჩინმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ვლადიმერ პუტინის თანდასწრებით დასავლეთ ციმბირში რთულად მოსაპოვებელი მარაგების ერთობლივ განვითარებაზე. ExxonMobil-ის ხელმძღვანელს არაერთხელ მიუღია მონაწილეობა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე, მათ შორის, წლევანდელ ფორუმზეც.
2013 წელს პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რექს ტილერსონი მეგობრობის ორდენით დააჯილდოვა, რომელიც მას პირადად გადასცა.
ამერიკელი ექსპერტების შეფასებით, ExxonMobil ყველაზე უფრო დაზარალდა რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო. ამერიკულ კომპანიას მოუწია „როსნეფტთან“ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ფარგლებში 9 პროექტში მონაწილეობის შეჩერება. „ფორბსის“ ინფორმაციით, „ექსონს“ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები სულ მცირე 1 მილიარდი დოლარი დაუჯდა.
როგორც ტილერსონი ჟურნალისტებთან საუბრებში აღნიშნავდა, რუსეთში მუშაობის დაბრუნების შესაძლებლობას მოუთმენლად ელის.
აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩევლის კელიენ კონუეის განცხადებით, ტილერსონისა და პუტინის ურთიერთობები საქმიან ინტერესებს ეფუძნება.
აღსანიშნავია, რომ კომპანია Exxon Mobil-ს სარჩელი აქვს შეტანილი „სახალინი-1“-ის პროექტის ფარგლებში და ითხოვს გადასახადების ნაწილის ანაზღაურებას. აღნიშნული სარჩელი შეტანილი იყო გასული წლის გაზაფხულს სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოში. ამერიკული კომპანია ცდილობს „სახალინი-1“ პროექტისთვის მოგების გადასახადის შემცირებას 35%-დან 20%-მდე და დაიბრუნოს ბოლო 7 წლის განმავლობაში გადახდილი ფული (საუბარი მიდის დაახლოებით 500 მილიონ აშშ დოლარზე). საქმის განხილვა 2017 წლის გაზაფხულს უნდა დაიწყოს, თუმცა რუსულ მხარეს პრობლემის დარეგულირება სასამართლოს გარეშე სურს.