დავით ნარმანია - 2017 წლის მარტის ბოლომდე თბილისს, ჯამში, ევროსტანდარტების შესაბამისი 143 ახალი ავტობუსი ეყოლება

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, აღდგენისა და განვითარებისთვის 2017-ში, ჯამში, 149 690,4 ათასი ლარი დაიხარჯება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ საკრებულოში, ბიუჯეტის დაზუსტებული პროექტის წარდგენისას განაცხადა. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, თანხა 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით 31 მლნ ლარზე მეტით არის გაზრდილი. მისივე თქმით, 2017 წლის ბიუჯეტის დაზუსტებული პროექტით დაგეგმილია მეტროს 30 ვაგონის რემონტი და მოდერნიზაცია ( 20 853,4 ათასი ლ.) და ასევე, მეტროს სადგურების რეკონსტრუქცია, რომლისთვისაც 10 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება.

”2017-ში ჩვენ ქალაქისთვის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ და ეს გახლავთ მთაწმინდის საბაგირო გზა, რომლისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან, ჯამში, 8 მლნ ლარამდე დაიხარჯება! ყველას მოგეხსენებათ, რომ 2016 წელს ჩვენ აღვადგინეთ კუს ტბის საბაგირო და როგორც ხედავთ, 2017 წელსაც ვგეგმავთ საბაგირო გზების განვითარების მიმართულებით აქტიურ მუშაობას. საბაგიროს განვითარება ხელს შეუწყობს ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და, რა თქმა უნდა, ეს არის გადაადგილების ალტერნატიული საშუალება, რაც თბილისს საცობებისგან განტვირთავს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

გარდა ამისა, თბილისის მერის თქმით, პარკირების პრობლემის გადასაჭრელად და ასევე, ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი ტროტუარების გათავისუფლების მიზნით, დაიწყო მუშაობა პარკირების სპეციალური ადგილების შექმნის წახალისებაზე და ეს 2017 წელსაც გაგრძელდება.

დავით ნარმანიას განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგების განვითარებაზე.

„როგორც ხედავთ, ქალაქის საცობებისგან განტვირთვის მიზნით, ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს 2017 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული, ისევე, როგორც ეს იყო 2016 წელს. მე კარგად მახსოვს 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაზე ჩვენი ოპონენტების შენიშვნები ასეთი მასშტაბური ხასიათის პროექტებთან დაკავშირებით. იქ იყო მოსაზრებები, რომ ვერ განვახორციელებდით ქალაქისთვის ამ მიმართულებით სასარგებლო და საჭირო ღონისძიებებს, თუმცა, დღეს გვაქვს ჩვენ ფაქტი და მინდა მოკლედ მოგახსენოთ: ჩვენ ავაშენეთ პუშკინის ესტაკადა, რომელმაც საცობებისგან მნიშვნელოვნად განტვირთა ქალაქის ცენტრალური ნაწილი. ჩვენ ავაშენეთ სამება-მახათას გზა, რომელიც ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო! ორკილომეტრიანი გზა თბილისის ისტორიულ უბანს, ავლაბარს მახათას დასახლებასთან აკავშირებს, რაც მოძრაობის განტვირთვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კრწანისი-შინდისის მიმართულებით აშენდა თბილისთან დამაკავშირებელი სრულიად ახალი გზა. ჭედიასა და შუშის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი ხიდი. სრული რეაბილიტაცია ჩავუტარეთ თბილისის ზღვის შემოვლით გზას და თემქის დასახლებიდან თბილისის ზღვაზე ასასვლელ შემოვლითი გზის 12 კმ-იან მონაკვეთს. აღვადგინეთ კოჯორი­-სამადლოს დამაკავშირებელი გზის 6,4 კმ-იანი მონაკვეთი, რომელიც ჩვენი ქალაქისთვის, ასევე, უმნიშვნელოვანესი პროექტი გახლავთ, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ბაგები-წყნეთის 12 კმ-იან გზას. რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ხიდებს, მათ შორის, ბარათაშვილის, დიღმულას, გულიას ხიდს, აღმაშენებლის ხეივნიდან მუხათგვერდისკენ გადასასვლელ გზაგამტარს, განვახორციელეთ მეტეხის საგვირაბე კომპლექსის გაყოლებაზე ავარიული ხიდების რეაბილიტაცია და ა.შ. შესაბამისად, როგორც ხედავთ, ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, ოპონენტების კრიტიკა, თუ ამას კრიტიკა შეიძლება ეწოდოს, უსაფუძვლო აღმოჩნდა და ჩვენ შევძელით ქალაქისთვის იმდენი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, რამდენიც თბილისს და თბილისელებს რამდენიმე ათეული წელია არ ახსოვს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, 2017 წელს დასრულდება ახალი მუნიციპალური ავტობაზის მშენებლობა. ახალი ავტოპარკი, ევროსტანდარტებზე მორგებული ობიექტებით, მუნიციპალურ ავტობუსებს სრულყოფილ მომსახურებას გაუწევს. ახალი წლიდან “Man”-ის დამატებით 25 ახალი ავტობუსი ივლის დედაქალაქში, ხოლო 2017 წლის მარტის ბოლომდე თბილისს, ჯამში, ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა და ადაპტირებული 143 ახალი ავტობუსი ეყოლება.