ახალციხის მუნიციპალიტეტში „მტკვარი ჰესის“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე,თანაინვესტირების ფონდის თავმჯდომარე გიორგი ბაჩიაშვილი, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ახალციხის მუნიციპალიტეტში „მტკვარი ჰესის“ პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ და ჰესის მასშტაბური მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერეს.

როგორც ენერგეტიკის სამინისტროდან იუწყებიან, „მტკვარი ჰესის“ პროექტი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალციხის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარზე ხორციელდება. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 131 მლნ ამერიკულ დოლარს უტოლდება. ჯამური დადგმული სიმძლავრე 53 მგვტ-ია, ხოლო ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 255 მლნ კვტ.სთ. წარმოებული ელექტროენერგია საგრძნობლად შეამცირებს ქვეყანაში არსებულ ელექტროენერგიის დეფიციტს ზამთარში. მათივე ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულია 500 ადამიანი.

„ჩვენი ვალია, ჩვენი აღებული ვალდებულებაა, საქართველოს სწრაფი ტემპით განვითარება. ისეთი პროექტების განხორციელება და დაფინანსება, რომელიც ხელს შეუწყობს თითოეული რეგიონის, თითოეული კუთხის, სწრაფ აღორძინებას და პროგრესს. არ არსებობს არც ერთი ნორმალური ქვეყანა, სადაც მხოლოდ დედაქალაქშია კონცენტრირებული ხელისუფლების ძალისხმევა - სამუშაო ადგილები, ნორმალური ინფრასტრუქტურა თუ დასვენების ან განათლების საშუალებები. ასეთი ქვეყანა, რომ შედეგს ვერ მიაღწევს ეს ჩვენმა უახლესმა ისტორიამ დაგვანახა. ამიტომ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი იყო მთელი ქვეყნის ერთნაირი სიმძლავრით ამუშავება, ერთნაირი ყურადღებით და მზრუნველობით ყველა კუთხე-კუნჭულის პატრონობა და რეგიონებში ინვესტირების წახალისება. ჩვენ ამგვარი პროექტებით ვქმნით არა მარტო მძლავრ ენერგო სექტორს, არამედ ხელს ვუწყობთ მთლიანობაში ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას, მატერიალური დოვლათის შექმნას, რაც თითოეული ჩვენი მოქალაქის სოციალურ პირობებზე, ცხოვრების დონეზე პოზიტიურად აისახება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„მტკვარი ჰესი“ 2009 წელს დაწყებული და შემდეგ წლების მანძილზე გაჩერებული პროექტია, რომელიც 2014 წელს საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა 100%-ით შეისყიდა. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ფონდის ჩართულობით და ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით შესაძლებელი გახდა პროექტის გაცოცხლება, რომელიც დღეს უკვე აქტიურ სამშენებლო ფაზაშია. მოხდა ჰესის დადგმული სიმძლავრის ოპტიმიზაცია, რის შედეგადაც სიმძლავრე გაიზარდა 9 მგვტ-ით და გახდა 53 მგვტ. ჰესის ექსპლუატაციაში გაშვება 2019 წლის პირველ კვარტალში იგეგმება. პროექტში ინვესტიციას საქართველოს თანაინვესტირების ფონდი ახორციელებს.